სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, ვანის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ბიჭიკო პაიკიძე, რომელზეც პროკურატურას ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ჰქონდა გამოცხადებული, ესპანეთში დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
როგორც პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა განაცხადა, პაიკიძე 9 დეკემბერს ბარელონაში დააკავეს და ამჟამად მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
„ეს იყო სწორედ ის მიზეზი, რის გამოც დღევანდელი სასამართლო სხდომა გადაიდო გონივრული ვადით, აღნიშნულ პროცედურებში გარკვევის მიზნით. საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, ეს ინფორმაციაა მხოლოდ ჩვენთვის ცნობილი. დანარჩენი ოფიციალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. მთავარია ექსტრადაცია განხორციელდეს დროულად, ეს ადამიანი გადმოეცეს საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს და მოხდეს მისი გასამართლება ჩადენილი დანაშაულისთვის“, – განაცხადა პროკურორმა მედიასთან.
ბრალდებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძეს საექსტრადიციო პატიმრობა არ აქვს შეფარდებული – „ის დააკავეს როგორც ძებნილი, მაგრამ ესპანეთის სასამართლომ მის მიმართ არ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა“.
ბიჭიკო პაიკიძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის მითვისებას ედავებიან. მისი კომპანიის, შპს B.P. TRANS-ის დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია და კიდევ ოთხი პირი - იოსებ ჭანჭალეიშვილი, როინ ფოფხაძე, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 24 სექტემბერს დააკავა.
საქმის მასალების მიხედვით, ბიჭიკო პაიკიძე 4 მილიონზე მეტს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას დაეუფლა.
პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვალერიან კვარაცხელიას, იოსებ ჭანჭალეიშვილს, გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას გულისხმობს. ბრალის აღიარების შემდეგ, კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.
