მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში მცხოვრები გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მეხუთე დღეა დაკარგულები არიან. მათ გზა სავარაუდოდ იფარი-ლენტეხის საფეხმავლო მარშრუტზე აებნათ. სამძებრო სამუშაოებში მაშველები და მოხალისეები მონაწილეობენ. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ღრუბლიანობის გამო ვერტმფრენის გამოყენება შეუძლებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ახალგაზრდები იფარიდან ლენტეხში, სადაც ტრენინგს უნდა დასწრებოდნენ, ფეხით წავიდნენ. გზის დაფარვას დაახლოებით 13 საათი სჭირდება. ახლობლების ინფორმაციით, ისინი ბოლოს კავშირზე ორშაბათს, 22 ივლისს გამოვიდნენ - გაგზავნილ შეტყობინებებში ამბობდნენ, რომ გზა აებნათ.
დაკარგულების ნათესავები და ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები ეფექტური არ არის. ისინი ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ.
„5 დღეა ვერტმფრენს არ დაადგა საშველი ბიუროკრატიის და საბუთების მოწესრიგების არგუმენტით. ნისლი და ღრუბელიაო. მთელი დღეა მოწმენდილია სვანეთის ცა. ვთქვათ, ვერტმფრენი არ გამოდის, დრონების აფრენას რა უდგას წინ? თუ არ გაქვთ საკმარისი აღჭურვილობა ან ადამიანური რესურსი, ხომ შეიძლება უბრალოდ დახმარება ითხოვოთ? ათობით მოხალისე გამოჩნდება დრონებით. მზის ჩასვილის შემდეგ რამდენიმე თერმული კამერა პირველივე დღეს ელემენტარული ღონისძიებაა! სირცხვილია ადამიანების სიცოცხლეზე ასეთი დამოკიდებულება, როცა ადამიანები იკარგებიან, წამებია გადამწყვეტი“, - დაწერა ვიკა ფილფანმა, მესტიის საკრებულოს წევრმა.
კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ახალგაზრდების დაკარგვის შესახებ გუშინ შეიტყვეს და სამძებრო სამუშაოებიც გუშინ დაიწყო. მისივე თქმით, ქვემო სვანეთში, ზემო სვანეთისგან განსხვავებით, ცვალებადი ღრუბლიანობა და ნისლია, რის გამოც ვერტმფრენი ვერ იფრენს.
„ჩვენი გეგმაა, იმ მონადირეების მობილიზება, ვინც ამ ტერიტორიას კარგად იცნობს და სამძებრო სამუშაოებში ჩართვა“, - გვითხრა ჟორჟოლიანმა.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც, სადაც ნათქვამია, რომ ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
„სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი“, - აცხადებენ სამსახურში და აღნიშნავენ, რომ 112-ში მომხდარზე ინფორმაცია გუშინ, 24 ივლისს შვიდა.
მიმდინარე წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ევროპული ტიპის H 145 ტიპის ორი ვერტმფრენი შეემატა. გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში ვერტმფრენების გადმოცემის შემდეგ, შსს-ში აცხადებდნენ, რომ H 145 გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით და სრულად დაკომპლექტებულია სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.