ტელეკომპანია „იმედი“: შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“

დიდი ბრიტანეთის მიერ ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზია, „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს - „იმედის ბანკს“ დააფუძნებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანიას არ სურს დატყმის ქვეშ დააყენოს ის რამდენიმე ბანკი, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, საბანკო მომსახურება გაუწიოს სანქცირებულ „იმედს“.

„ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.

არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ „იმედს“ მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას.

 ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნესსაქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები (იქნება ეს ანტიპიარი, ფინანსური პრობლემები თუ სხვა), რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს - ნამდვილად არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით, 2007 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას.

„ტელეიმედი“ დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ, ჩვეულ რეჟიმში, გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.

გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“. აქ იმედია!“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტივის“ სანქციები რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების მეოთხე წლისთავზე დაუწესა.

ორივე ტელევიზიის დასანქცირების საფუძვლად მითითებულია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ძირითადად საქართველოში არსებულ აუდიტორიას შორის, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ორივე ტელევიზია „რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.

დასანქცირებულ ტელევიზიებს აქტივების გაყინვა შეეხებათ, რაც გულისხმობს სახსრებსა და ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში, ასევე ინვესტიციების აკრძალვას და საბანკო ურთიერთობების შეწყვეტის მითითებებს. დიდი ბრიტანეთში ნებისმიერ პირს ეკრძალება ფინანსური ტრანზაქციები დასანქცირებულებთან.

25 თებერვალს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებენ ტელეკომპანიების დასაცავად. „ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება“, - თქვა კობახიძემ.

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა ბრიტანეთში რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია „ჰანიველ პარტნერსს-დან“ ტელეკომპანია „იმედი“ და მის ჰოლდინგში შემავალი სხვა მედიასაშუალებები თებერვლის დასაწყისში გაასხვისეს. შპს „პრაიმ მედია გლობალმა“, ჰოლდინგის 100%-იანი წილი, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად იყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ახალმა მფლობელმა 50% საკუთრებაში გადასცა ტელეკომპანიის დირექტორს, მარიამ ლომიძეს (10%) და მის ოთხ მოადგილეს - ვასილ კალანდარიშვილს (10%), ირაკლი ჩიხლაძეს (10%), ნათია სონღულაშვილსა (10%) და მაია ჩიგოშვილს (10%).

 

 

ამ თემაზე:

„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარემ და სამმა წევრმა დატოვეს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.