მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის 52 % მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ იყიდა: „ეს გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელი საზოგადოებამდე უფრო ფართოდ მივიტანოთ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
საჯარო რეესტრში ცვლილებები ჯერ ასახული არ არის, თუმცა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 3 ოქტომბერს არის შედგენილი, ვიქტორ ჯაფარიძემ სრულად შეიძინა ნუგზარ რუხაძის (16 %), ზვიად ბლიაძის (16 %), ანა შენგელიას (8 %), ვახტანგ კომახიძის (8 %) და თემურ ჭარელაშვილის 28 %-დან 4 %. საერთო ჯამში ჯაფარიძემ წილის 52 %-ში (საკონტროლო პაკეტში) 520 ათასი ლარი გადაიხადა. 1 % წილის ნასყიდობის ღირებულება კონტრაქტით 10 ათას ლარად არის განსაზღვრული.
საჯარო რეესტრის მიერ ცვლილებების ასახვის შემდეგ, „პოს ტვ“-ის წილები ასე განაწილდება: ვიქტორ ჯაფარიძე – 52 %; შალვა რამიშვილი - 24 %; თემურ ჭარელაშვილი - 24 %.
ტელეკომპანია „პოს ტვ“ აცხადებს, რომ დღეიდან მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა ხდება.
„პოს ტვ“-ის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახალშექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მიგვაჩნია, რომ მათ მიერ გაცხადებული მიზანი, ქართველმა ხალხმა გაიგოს მეტი სიმართლე, ამ რთულ და ფეთქებადსაშიშ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ემთხვევა ჩვენი არხის შექმნის იდეას. არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი“, - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი.
კომუნიკაციების კომისიაში ტელეკომპანიის მესაკუთრეების შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადი ჯერ შესული არ არის.
ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, მას აინტერესებს ეს ბიზნესი და წილი ამიტომაც იყიდა.
„მაინტერესებს ეგ ბიზნესი და შევიძინე. მთავარია, რომ უკანონობა არ გამიკეთებია, არადეკლარირებულად არ შემიძენია. მომწონს ამ ტელევიზიის მიერ გაშუქებული ის აზრები, რომელსაც ზოგიერთი ტელევიზია დამახინჯებულად აწვდის საზოგადოებას და ვთვლი, რომ ამ ბიზნესში უნდა მივიღო მონაწილეობა, რათა კიდევ ერთი ტელევიზია არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომელიც ილაპარაკებს სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს. არ ვაპირებ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. „პოსტ ტვ“-ის შეძენის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ის საუბრობს სიმართლეს და გააგრძელებს ალბათ, სიმართლის საუბარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევთანხმდებით. მე შევიძინე საკონტროლო პაკეტი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დაჩი ბერაია, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ოთხეულის მოძრაობას დღეს შეუერთდნენ.
„ჩვენი ქვეყანა უნდა ავარიდოთ იმ უბედურებას, რაში შეთრევასაც ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსი, გნებავთ ჩვენთან, გნებავთ სხვა ქვეყნებიდან. უკრაინის მთავრობის წევრები და ზოგიერთი ევროპელი პარლამენტის წევრი ცდილობს, რომ ჩაგვითრიონ ომში და ამ მოძრაობის პირველი ამოცანა არის ის, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე.
შემდეგ გადაწყვიტოს მოსახლეობამ, ჩაერთოს თუ არ უნდა ჩაერთოს კონფლიქტში და ომში“, - თქვა ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი დეპუტატები ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევიან. მათ საქართველოში აშშ-ს საელჩო დაადანაშაულეს, რომ საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას ვერ ეგუება და გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს. მათივე განცხადებით, ამერიკული დაფინანსების ნაწილი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებს მოხმარდა.