„ქართული ოცნებიდან“ წასულებს კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნებიდან“ ფიქციურად გამოყოფილ ოთხ დეპუტატს სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშილსა და გურამ მაჭარაშვილს, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ შექმნეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე შეუერთდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„თითოეული მათგანი ძალზედ დიდი შენაძენია ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და სტაბილურ განვითარებას უკავშირდება. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, - თქვა ბრიფინგზე სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის მიუხედავად, მათ (ოთხეულის) მსგავსად, საზოგადოებრივ მოძრაობაში დღეს გაწევრიანებული 5 დეპუტატიც რჩება საპარლამენტო უმრავლესობაში.

დეპუტატების გარდა, მოძრაობას ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის რამდენი წამყვანი და პოლიტიკური აქტივისტებიც შეუერთდნენ: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

სოზარ სუბარის განცხადებით, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის 52 % მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ იყიდა: „ეს გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელი საზოგადოებამდე უფრო ფართოდ მივიტანოთ“.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ღირებულებით ნაწილში მათსა და „ქართული ოცნებიდან“ გასულებს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის: „ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს. „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება. ჩვენ მათთან კონსულტაცია გვქონდა და მათი საერთო პოზიცია გვაქვს მოსმენილი იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ. მათ შორის ეს ეხება 12 რეკომენდაციის გარშემო პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს“.

„ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი დეპუტატები ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევიან. მათ საქართველოში აშშ-ს საელჩო დაადანაშაულეს, რომ საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას ვერ ეგუება და გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს. მათივე განცხადებით, ამერიკული დაფინანსების ნაწილი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებს მოხმარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.