TI: დასანქცირების შემდეგ ივანიშვილმა ოფშორებიდან საქართველოში უკვე 12 კომპანია გადმოიტანა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ამერიკის შეერტებული შტატების მიერ ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, მილიარდერმა 4 ოფშორიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის 12 კომპანია გადმოიტანა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება: სს „ატუ ჰოლდინგი“, სს „ტერა“, სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“. ამ კომპანიებზე მათ დაიწყეს იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ. გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

ორგანიზაციის შეფასებით, მაღალია ალბათობა იმისა, რომ კომპანიების გადაფორმების დროს ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც 2024 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონით“ დაწესდა. ოპოზიციონერი დეპუტატები მაშინ აცხადებდნენ, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ივანიშვილს თავისი „შავი ფულის“ ოფშორებიდან საქართველოში გადმოსატანად სჭირდებოდა. „ქართულ ოცნებაში“ ამ ბრალდებას უარყოფდნენ.

„საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდგომ განხორციელებული მოქმედებები ასეთია:

  • 31 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა, სს „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა.
  • 22 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ოფშორული კომპანიიდან Visalia Enterprises Limited (ბელიზში რეგისტრირებული კომპანია) უტა ივანიშვილს უსასყიდლოდ გადასცა ოლიგარქის შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს „ფინსერვის XXI“. 24 იანვარს, უტა ივანიშვილმა ეს კომპანია გადასცა მის ახლად დარეგისტრირებულ კომპანია სს „ატუ ჰოლდინგს“.
  • 28 იანვარს „ატუ ჰოლდინგს“ ბელიზზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიიდან Fresno Management Limited უსასყიდლოდ გადაეცა 3 კომპანია: შპს „ინტერ კონსალტინგ +“, შპს „ქართუ მშენებელი“ და შპს „ქართუ მენეჯმენტი“.
  • 31 დეკემბერს შპს „ტერა“, რომლის ერთადერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, სააქციო საზოგადოებად რეორგანიზდა. 17 იანვარს, სს „ტერამ“ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიიდან Limestone Finance International SA (რეგისტრირებული პანამაში) 7 კომპანია უსასყიდლოდ გადმოიფორმა: შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ახალი კაპიტალი“, შპს „ინვესტ კაპიტალი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“, შპს „ბლექ სი არენა“, შპს „ჯეოფერტ“.
  • 20 იანვარს ეკატერინა ხვედელიძემ ოფშორული კომპანიის GCF Luxembourg SARL გავლით მის საკუთრებაში არსებული 4 ქართული შპს სააქციო საზოგადოებად გადააკეთა:
    1. სს „ქართული აგრო სახლი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 2 700 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი - 684 000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გრინჰაუს ჰოლდინგი“.
    2. სს „გეოაგრო“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 40 000 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი - 31 608 130 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „აგრო ჰოლდინგი“.
    3. სს „გალერია თბილისი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 68 000 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი - 17 000 000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გალერია ჰოლდინგი“.
    4. სს „სიშორ“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 20 000 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი - 5 817 000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „რიზორთ ჰოლდინგი“.
  • 20 იანვარის ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ლუსოლი“.
  • 27 იანვარის ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ჯი სი ეფ საქართველო“.
  • 28 იანვარს უტა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს „ქართული ჰოლდინგი“, რომელიც მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი შეადგენს 32 087 800 ლარს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ პირადად ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული ფინანსური სანქცია მის ოჯახის წევრებსაც შეეხო. 20 იანვარს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა ივანიშვილების ოჯახს ანგარიშები გაუყინა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.