„უსინდისო, სამარცხვინო მატყუარა და უღირსი ადამიანი. მოვუწოდებ, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, - 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბერაიას მიკროფონი არ გამოურთო. პირიქით, სასაუბროდ დრო დაუმატა მასაც და „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს ალუდა ღუდუშაურს, რომელმაც ასევე სექსისტური განცხადებებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას წინ უძღოდა თეონა აქუბარდიას განცხადება. მან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამაზე პასუხი არ აქვს და მხარს არც რეზოლუციის პროექტს უჭერს.
„ჯერ იყო და ის თქვა, თურმე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. მან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო.
ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არცერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში.
სამწუხაროა, რომ ჩვენს კომიტეტში, რომელმაც 4-ჯერ მისცა მის თავმჯდომარის მოადგილეობას ხმა, მან აირჩია კონფრონტაციის გზა და ამ გზაზე ჩამოყალიბდა არა ჩვეულებრივ, არამედ სერიულ მატყუარად და სამარცხვინო ადამიანად. სამარცხვინო პოლიტიკოსად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი, იყვნენ არა მხოლოდ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, არამედ ამ ადამიანებს კომიტეტთან მოახლოების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ.
აქ არაა სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი, ან ოკუპაციაზე წუხილი, რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ბოლო ერთი წელია მოიხსენიებს ჩვენს კომიტეტს და მეც არც თუ ისე სახარბიელოდ, ისაა, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციის მიზნით გამოყენების, ასევე მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღების და „გაფეისბუქების“ საშუალება; აეროპორტების „ლაუნჯებში“ შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება, ვინც იცნობს, კარგად მიხვდება, რაზე ვსაუბრობ. მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
იმავე სხდომაზე მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა მიაყენა ანი წითლიძეს.
ღუდუშაური ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა, რა დროსაც მას ღირსებისა და მორალისგან დაცლილი უწოდა. „დებილი ხარ“, - წითლიძის ამ რეპლიკას მოჰყვა ღუდუშაურის მხრიდან სექსისტური განცხადებები: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ. ...იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“.
თეონა აქუბარდიას განცხადებით, მას არ ეშინია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და „ქართული ოცნების“, შესაბამისად, ვერ გააჩუმებენ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბერაიას და ღუდუშაურის განცხადებები გააპროტესტეს და მოითხოვეს, ბერაია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს.
ქალი დეპუტატების მიმართ სექსისტურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს პრეიზდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.
„მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.
მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე, როცა თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის“, - პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს უმკაცრესი ზომები მიიღოს „იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ“.
ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მიმართ გაკეთებული სექსისტური განცხადებების გამო გუშინვე მოიბოდიშა:
„როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მძიმეა, როცა ჩვენს გუნდს, მე პირადად გვდებენ ბრალს უსამართლოდ, უაპელაციოდ და უღირსად რუსეთის ინტერესების გატარებაში, მით უმეტეს, სისტემური ხასიათი აქვს ამას. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც არასდროს შევეგუებით, რადგან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. მეორე ნაწილში ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული, განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ვისმენდით და ამის გამო, მინდა, ბოდიში მოვიხადო“.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის იღებს შენიშვნას, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიასთვის „რაღაც მომენტში მიკროფონი უნდა გაეთიშა“. თუმცა, შეურაცხყოფის დროს პაპუაშვილმა დეპუტატებს არც კი მოუწოდა, რომ სექსისტური გამონათქვამებისგან თავი შეეკავებინათ.
პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა, ბერაიას საქმე პარლამენტის ეთიკის საბჭოს გადაეცეს.
„თქვენ ახლა მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ ყველას ერთად. გუშინ გადააჭარბა-თქო, ჩვენ თვითონ დავგმეთ. ადამიანმა ბოდიშები იხადა და ამ დროს არცერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური, ვერ გავიმეორებ, რა ბანერი გაშალეთ აქ, თეა წულუკიანი რომ იყო. ქალი არ იყო თუ ადამიანი არ იყო?! mona.ge-ზე რომ გამოაქვეყნეს ქალი დეპუტატები, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეგ ნაკლები შეურაცხყოფაა?! მეტი არ არის?!
ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ და შეირგეთ ის ბოდიში და ის ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი“, - მიმართა ოპოზიციას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის, მარკ კლეიტონის თქმით, ძალადობა ქალების წინააღმდეგ და შეურაცხმყოფელი ენა ერთ-ერთი ფაქტორია, რაც განაპირობებს ქალების არმონაწილეობას პოლიტიკაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეურაცხმყოფელი ენის ადგილი არ იყოს პოლიტიკურ დისკუსიაში.