მათ ყველგან მივწვდებით - ზელენსკი ოჩამჩირეში რუსული ფლოტის ბაზაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„რუსეთის საზღვაო ძალებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირების ძალა აღარ შესწევს და ყირიმიდან თანდათან გარბის. ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ხელმძღვანელი იძულებული გახდა, შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად, მისი ნარჩენების ახალი ბაზის შექმნა გამოეცხადებინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან რაც შეიძლება შორს, მაგრამ მათ ყველგან მივწვდებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ მეორე საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია, უკრაინული მიწების სრული დეოკუპაცია, ყირიმის ჩათვლით. მისივე თქმით, უკრაინას ჯერ არ აქვს ოკუპირებულ ყირიმზე სრული საცეცხლე კონტროლი, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენლის ბორის ბაბინის განცხადებით,

თუ აგრესორი ქვეყნის გემები ოჩამჩირეში განთავსდებიან და უკრაინა მათ თავს დაესხმება, ეს არ იქნება აგრესიის აქტი საქართველოს წინააღმდეგ, რადგან საქართველო ამ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის აშენებით, რუსეთი ცდილობს საომარი მოქმედებები და ფრონტის ხაზი აფხაზეთში გადმოიტანოს.

„ეს ბაზა რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად იქნება გამოყენებული, რომლებიც დღეს სევასტოპოლში და ნოვოროსისკის პორტებში დარტყმის ქვეშ იმყოფებიან. ეს გემები ფრთოსან რაკეტებს ატარებენ, რომლებსაც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ყოველდღიურად უშენენ. შესაბამისად, ეს გემები უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ. აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ამ მცდელობას წინ აღუდგნენ, რამდენად ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას და მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თუ ვინმე უქმნის საფრთხეს მშვიდობას ამ რეგიონში, ეს რუსეთის ფედერაციაა, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი აგრესიული გეგმები“,- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა განთავსდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა 19 ოქტომბერს, პარლამენტში სუსის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის შექმნას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება.

ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის შექმნას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება - სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი

„ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით, წარმოიდგინეთ, ვის უნდა ესიამოვნოს საქართველოში განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდე ერთი ფორპოსტის შექმნის თაობაზე. თუმცა მინდა გითხრათ, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა იმ სახით, რა სახითაც ის დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწვის ნავებს, კატარღებს, სეინერებს, საპატრულო კატარღებს და ა.შ. შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე, მას შემდეგ, რაც 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა მკაცრად მტრული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარემო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

არსებული ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს, ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების და ა.შ. მიღებას. ამისათვის, რომ გარდაიქმნეს არსებული ინფრასტრუქტურა, ამას დასჭირდება, სულ მცირე, სამი წელიწადი, ექსპერტების გათვლებით.

მე ექსპერტი არ ვარ, რათა ეს პორტი თავის წყლის დაღრმავებით, ინფრასტრუქტურული განვითარებით მოვიდეს ამ კონდიციამდე“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ის გამოეხმაურა ასევე შესაძლო საფრთხეს, რომელსაც ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის განთავსება უქმნის ანაკლიის მშენებარე პორტს. „ანაკლიის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსეთის რეგულარული არმია რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით, მძიმე ტექნიკით. ის, რომ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის, ეს იყო, არის და თუკი ასე გაგრძელდა ოკუპაციის საკითხი, იქნება საფრთხე საქართველოსთვის და მათ შორის ანაკლიის პორტისთვის“, - აღნიშნა სუსის უფროსმა.

ოჩამჩირეში მცირე ზომის სავაჭრო პორტი 1933-35 წლებში აშენდა და მხოლოდ 5 წელი იმუშავა. პორტში რუსული სანაპირო დაცვის რამდენიმე ცალი კატარღა 1998 წლამდე იდგა, 2000-იანი წლების დასაწყისში კი აფხაზური სეპარატისტული არმიის მოტომსროლელი ბატალიონი იყო განლაგებული. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის ოქტომბერში, რუსეთის ტექნიკური დახმარებით, წყლის სიღრმე 3.8 მეტრიდან 9 მეტრამდე დააღრმავეს. წყლის სიღრმის მომატება შემდეგ წლებშიც გაგრძელდა. ახლა პორტში შესვლა 13 000 ტონამდე წყალწყვის ხომალდებსაც შეუძლიათ. 2009 წლიდან ოჩამჩირის პორტში რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის კატარღებია განთავსებული. პორტში სამი ნავმისადგომია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.