სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს გაერთიანების და „დანგრეული ხიდების აღდგენის“ შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაეროში გაკეთებულ განცხადებას. ოკუპირებულ ცხინვალში თქვეს, რომ კობახიძის რიტორიკა რეალობისგან შორსაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ი. კობახიძის მიერ ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს.
სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციამ კარდინალური ცვლილებები არ განიცადა. არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით ოპერირება, რეალობისგან შორს მყოფი რიტორიკა იმაზე მეტყველებს, რომ წარსული არ უშვებს საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს.
სამხრეთ ოსეთის პოზიცია ცნობილია და ის წლების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერდა. კვლავ საკვანძო რჩება საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა. ამასთან, ჩვენ გამოვდივართ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლებს მიმართა და თქვა, რომ საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს მათ ყოველთვის გულღიად მიიღებენ.
„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
უფრო ადრე, 14 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორიდან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას“, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს „ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.