„ჩვენ არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა - ჩვენ ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს - სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
კობახიძის თქმით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა.
„ამის გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით. მივიღეთ რიგი რთული გადაწყვეტილებები და არასდროს შევუშინებივართ გამოწვევებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, „ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში“.
„ჩვენ თანმიმდევრულად და დაუღალავად ვშრომობთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით.
მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში.
საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ „საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება“.
„ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
გაეროში გამოსვლის დროს მას არ უხსენებია „გლობალური ომის პარტია“ და არ უსაუბრია საქართველოს „ომში ჩათრევის სურვილზე“, რაზეც ის და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით მუდმივად ლაპარაკობენ. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ბოლო 2 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა რეგიონისთვის.
„მაშინ, როცა ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა განვითარება და პრობლემების გადაჭრა, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა „კვლავინდებურად მტკიცე და ურყევია“.
„ვაცნობიერებთ რა საკუთარი გამოცდილებიდან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენ სათავეში ვუდგავართ ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარდაქმნა კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად. ჩვენ მივესალმებით მშვიდობიანი შეთანხმების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კერძოდ კი იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად და დღესაც მზად ვართ, უზრუნველვყოთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ნდობის აღდგენას, ჩვენ შორის უთანხმოების წარსულში დატოვებას და ჩვენს ერთობლივ წინსვლას ყველა იმ რესურსისა და უპირატესობის გამოყენების თვალსაზრისით, რომელთა შეთავაზება ჩვენს რეგიონს შეუძლია მსოფლიოსთვის“, - განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძის თქმით, ზღვაზე გასასვლელის, ასევე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს წამყვან მოთამაშეს რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში.
„ჩვენ ვართ არა მხოლოდ პროდუქციის გაცვლის, არამედ ელექტროენერგიის ტრანზიტის ცენტრი და ბევრად მეტიც. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით.
ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გზით, რომელიც მალე დაიწყება“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროში ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე და თქვა, რომ ბოლო ათ წელიწადში სიღარიბის მაჩვენებლების განახევრების მიუხედავად, „სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრშია“. მისივე განცხადებით, საქართველოს ეფექტიანი წინსვლა და მიღწევები სათანადოდ არის ასახული მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოების საერთაშორისო რეიტინგებში.