წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს, ყველაფერი მწყობრში იყო - „გრინსერვისის“ დირექტორი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პირველი არხის ფოტო

„ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას, წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს. სხვა ვერაფრით ვხსნი“, - განაცხადა ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, „გრინსერვის+“-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგო დაიღუპა, მისი ორი თანატოლი კი დაშავდა. თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები „ყველა ნორმის დაცვით“ ჩაატარეს და შადრევანი ორი თვე ტესტირების რეჟიმში, დარღვევების გარეშე მუშაობდა.

„აპარატურა ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, შემოწმებული იყო, ტესტირებაც შემოწმდა, რეპორტები არსებობს და დევს პოლიციაში. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც, სამი საათი მუშაობდნენ, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის. ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმი გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულ ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით ვაი ჟურნალისტების და ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ თურმე ვიღაცამ დაიძახა, რომ მანდ დენია. გამოძიებას შეუძლია, მარტივად თუ არამარტივად დაადგინოს, მე ვერ გეტყვით. გამოძიებას თუ დასჭირდა, რა თქმა უნდა, მოვალ და ვითანამშრომლებ.

იმაზე მეტ სასჯელს ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა. მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა, უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად. მანამდე ყველაფერი მწყობრში იყო, ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამ, ასე არ ხდება.

ჩემი თვალით მაქვს ნანახი გაჟონვის „რელე“, რომელიც 300 ლარი ღირს. არცერთი თავმოყვარე კომპანია კი არა, ბოლო კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ შადრევანში, რომელშიც დენია, არ დააყენოს გაჟონვის „რელე“. ძალიან მაინტერესებს, ექსპერტიზამ დაადგინოს, რა მოხდა ისეთი, რაც მანამდე, ბოლო რამდენი წლის განმავლობაში, ჩემი გადმოსახედიდან, 25 წლის განმავლობაში არასოდეს მომხდარა, არაერთი შადრევანი გაგვიკეთებია და ასეთი რამ არ მომხდარა“, – განაცხადა ლაშა ფურცხავნიძემ ჟურნალისტებთან.

13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკის მრგვალ, ახალრეაბილიტირებულ შადრევანში, სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ და წყალში მის გამოსატანად შევიდნენ. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში დაიღუპა, მეორე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესდა, მესამე მოზარდი იაშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

14 ოქტომბერს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ჩატარდა „ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.

„საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტად მიმდინარეობს, დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. ამ ეტაპზე დაახლოებით 100 პირია დაკითხული. გამოძიება სწავლობს ყველა დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულია შემსრულებელი კომპანიისა და თბილისის საქალაქო სამსახურიდან. ეს დოკუმენტაციაა საპროექტო-სამშენებლო, მიღება-ჩაბარების აქტები, ექსპერტიზის დასკვნები, ყველაფერი, რაც შემხებლობაში არის აღნიშნული სამუშაოს წარმოებასთან თუ დაპროექტებასთან“, – განაცხადა მურადაშვილმა.

შადრევანი, რომლის რეაბილიტაციაზეც 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ქალაქის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ წინა დღეს, 12 ოქტომბერს დაათვალიერეს და საზოგადოებას „ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის“ წარმატებით დასრულება მიულოცეს.

 

ამ თემაზე:

რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა - შადრევნების სპეციალისტის განმარტება

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).