რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 37 წლის გიორგი დარჩიაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, ე.წ. ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ და 50 000 რუბლის (დაახლოებით 1480 ლარი) ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რის შემდეგაც „რესპუბლიკიდან“ გააძევეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები გიორგი მერაბის ძე დარჩიაშვილი 2023 წლის 5 ოქტომბერს ცხინვალის რაიონის სოფელ ანდორეთთან დააკავეს.
„დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა განზრახ გადაკვეთა საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი“, - აცხადებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს მოუწოდებს, მსგავსი ქმედებები აღკვეთონ.
5 დეკემბერს, თითქმის ორკვირიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორიდან სოფელ აძვის მცხოვრები 52 წლის ხვიჩა კორინთელი გაათავისუფლეს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 5 მოქალაქე. მათ შორის არიან დიმიტრი კორინთელი და გიორგი მელაძე, რომლებიც 24 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის ეკლესიიდან, ხვიჩა კორინთელთან ერთად გაიტაცეს. ეკლესია საოკუპაციო ხაზს მიღმაა მოქცეული.
ცხინვალის ციხეში რჩებიან ასევე ლაშა ხეთერელი, პეტრე კალაშნიკოვი და გიორგი მოსიაშვილი.
ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი საოკუპაციო რეჟიმს უკვე მერვედ ჰყავს დაკავებული. ბოლოს ის 5 ივლისს ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს. მანამდე ხეთერელს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში წელიწადზე მეტი აქვს გატარებული. მას ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
სოფელ პერევის მცხოვრები გიორგი მოსიაშვილი რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
პეტრე კალაშნიკოვის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია გასაჯაროებული არ არის.
