სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იგორ ნანიევის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 2020 წლის აგვისტოში, დაკითხვის დროს 28 წლის ინალ ჯაბიევის ცემასა და წამებას, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დე ფაქტო გენპროკურატურის განცხადებით, ნანიევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო ჯაბიევის სიკვდილის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებიდან.
28 წლის ინალ ჯაბიევი დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის სამსახურებრივი ავტომობილის დაცხრილვის საქმეზე 2020 წლის 27 აგვისტოს დააკავეს. ე.წ. პროკურატურა აცხადებდა, რომ ავტომობილს „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ნასროლი ერთი ტყვია მოხვდა. სროლის შედეგად ნანიევი ან ვინმე სხვა არ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე და 222-ე მუხლებით დაიწყო, რაც სახელმწიფო მოხელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას და უკანონო იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაკავებიდან მეორე დღეს, 28 აგვისტოს, ინალ ჯაბიევი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს. ის რეანიმაციაში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც გარდაცვლილის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები, სილურჯეები და ცემის კვალი იყო აღბეჭდილი. ექსპერტიზის დასკვნით, ინალ ჯაბიევი „მიყენებული ტრავმის შედეგად განვითარებული გულის მწვავე უკმარისობის“ შედეგად დაიღუპა.
ჯაბიევთან ერთად დაკავებული გერსან კულუმბეგოვი და ნიკოლაი ცხოვრებოვიც ადასტურებდნენ, რომ დაკითხვის დროს აწამეს. 2022 წლის ივლისში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა დანაშაულში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო.
ცხინვალში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას ჩამოაშორეს, მილიციის შვიდ თანამშრომელს კი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს.
ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ეს თემა Amnesty International-ის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2022/23 წლების ანგარიშში მოხვდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ პატიმრობაში წამებით მოკლული ჯაბიევის საქმე ეფექტური გამოძიების მიღმა დარჩა.