საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2022/23 წლების ანგარიშში წერს, რომ საქარველოში გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა, ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა კი გაგრძელდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში კვლავ იყო პოლიტიკური კრიზისი, რომლის ფონზეც, ივნისში, ევროკომისიამ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადადო.
Amnesty International აღნიშნავს, რომ რუსეთიდან მზარდმა ფულადმა გზავნილებმა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის 100 000-ზე მეტი მოქალაქის შემოდინებამ, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო, მაგრამ გაზარდა ცხოვრების ხარჯები და ეკონომიკური უთანასწორობაც. საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ შრომის ბაზარზე არსებულმა მძიმე მდგომარეობამ, ახალგაზრდების ემიგრაციის მაღალი დონე გამოიწვია.
გამოხატვის თავისუფლება
Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლების მხრიდან მზარდ აგრესიულ რიტორიკას და ცილისწამების სარჩელებს, ისევე როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების წარუმატებლობას, მსუსხავი ეფექტი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებაზე.
„მაისში არასამთავრობო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველო პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში დააქვეითა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო სახელმწიფო თანამდებობის პირების ჩარევით, რაც ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას და ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ მზარდი საფრთხეებით.
4 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვს პირს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა 2021 წლის ივლისში „თბილისი პრაიდის“ მარშის დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო, რის შედეგადაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. თუმცა, ძალადობრივი ბრბოს სავარაუდო ორგანიზატორები არ დასჯილან“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
Amnesty International აღნიშნავს, რომ ივლისში, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა იოსებ გოგაშვილმა საპატიმროდან გამოაქვეყნა წერილი, რომლის მტკიცებითაც, რომ 2017 წელს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცება და აზერბაიჯანისთვის გადაცემა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდა. აფგან მუხთარლიმ ოქტომბერში განაცხადა, რომ ფოტოებზე ამოიცნო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირი, როგორც მისი ერთ-ერთი გამტაცებელი. „მისი გატაცება არ იქნა ეფექტურად გამოძიებული და პასუხისგებაში არავინ მიცემულა“, - წერია ანგარიშში.
პირადი ცხოვრების უფლება
ამ თავში საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ 6 სექტემბერს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო სადავო ცვლილებები, რამაც სამართალდამცავ ორგანოებს ფარული მეთვალყურეობის გაზრდილი უფლებამოსილება მიანიჭა. კერძოდ, ახალმა კანონმა გააფართოვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების სფერო, ხანგრძლივობა და შესაძლებელი გახდა პირზე განუსაზღვრელი ვადით თვალთვალი.
Amnesty International წერს, რომ ოპოზიციის წევრების, კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების წინააღმდეგ ფარული მეთვალყურეობა გაგრძელდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის ივლისში პროსახელისუფლებო მედიამ გამოაქვეყნა საიდუმლოდ მოპოვებული აუდიოჩანაწერი, სადაც კრიტიკული ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომლები სარედაქციო საკითხებს განიხილავდნენ.
„სექტემბერში გაჟონილმა სხვა მასალამ, რომელიც დეტალურ ინფორმაციას შეიცავდა პირადი ცხოვრების შესახებ, აჩვენა, რომ ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიის წევრებს და აქტივისტებს სავარაუდოდ უსაფრთხოების სამსახურები უთვალთვალებდნენ. ახალშექმნილმა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა წლის ბოლოსთვის გამოძიების შედეგები არ გასაჯაროებულა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
უსამართლო სასამართლო პროცესები
უფლებადამცველი ორგანიზაცია სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების მზარდი გავლენის, შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების, პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკული მედიის წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზეც წერს. Amnesty International-ის თანახმად, ეს საქართველოში კვლავ საგანგაშო პრობლემაა.
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მაგალითად Amnesty International ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ასახელებს.
უსამართლო სასამართლო პროცესების თავში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად სამედიცინო მოხსენებებისა, რომლებიც შესაძლო „მძიმე ლითონებით მოწამვლისა“ და „სიკვდილის მნიშვნელოვნად გაზრდილ რისკზე“ მიუთითებდნენ, სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა არ გადაუვადა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უსაფუძვლო ბრალდებით 42 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ნოემბერში, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
„ივნისში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ 2021 წლის საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების სიჩქარემ და მოცულობამ შეიძლება შექმნას „მსუსხავი ეფექტი მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის მხრივ“ მათი „კონტროლისა და გაჩუმების“ მიზნით. აპრილში ხუთმა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ახალი კანონი გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური დაცვის დარღვევის გამო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა
Amnesty International-ის წერს, რომ 2022 წლის იანვარში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიება ევალებოდა, გაუქმდა და შედეგად მოჰყვა ნაკლებად ეფექტური და ნაკლებად დამოუკიდებელი უწყებების შექმნა, რაც უარყოფითად აისახება სახელმწიფოს უნარზე, ეფექტურად გამოიძიოს პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ჩათვლით, ან ამ დანაშაულებებისთვის სამართლიანობის უზრუნველყოფა.
ქალთა და გოგონების უფლებები
ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან სექტემბრამდე მედიაში დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის 14 და მკვლელობის მცდელობის 23 შემთხვევა, რამაც გამოიწვია შეშფოთება, რომ საქართველოში ფემიციდი და გენდერული ძალადობის სხვა ფორმები კვლავ იზრდება.
Amnesty International აცხადებს, რომ ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობის შემცირების ზომები კვლავ არასაკმარისია. საგანგაშო რჩება ქალებსა და კაცებს შორის ეკონომიკური უთანასწორობაც. უფლებადამცველი ორგანიზაცია ეყრდნობა მსოფლიო ბანკის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ქალების 50% შრომითი ძალის მიღმა რჩება საშინაო საქმეების გამო.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ორ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის დონე გაუარესდა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების მხრივაც. კვლავ დაუსჯელია წარსულში ჩადენილი დანაშაულები. Amnesty International აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მცხოვრები გენადი კულაევი 2020 წლის 31 აგვისტოს ციხეში ცემისა და სასტიკი მოპყრობის შედეგად მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა, თუმცა, მისი, ისევე როგორც 2020 წელს პატიმრობაში წამებით მოკლული ინალ ჯაბიევის საქმე, ეფექტური გამოძიების მიღმა დარჩა. ეფექტური გამოძიება არ ჩატარდა არც 2021 წელს, აფხაზეთში, ანრი ათეიბას პატიმრობაში გარდაცვალების საქმეზე.
Amnesty International აღნიშნავს, რომ ირაკლი ბებუას, რომელიც გალის რაიონში, 2020 წელს, აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააპატიმრეს, უარს ეუბნებიან ქრონიკული დაავადების გამო ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე.