უკრაინის ქალაქების, მათ შორის, დედაქალაქ კიევის დაბომბვა ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხი იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პუტინის თქმით, თუ უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ტერორისტული აქტების“ ჩადენას ეცდება, პასუხი მკაცრი იქნება.
„გუშინ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა მომახსენა ყირიმის ხიდზე მომხდარი დივერსიის გამოძიების პირველადი შედეგები. სასამართლო და სხვა ექსპერტიზის მონაცემები, ასევე, ოპერატიული ინფორმაცია მიუთითებს, რომ 8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი, რომლის მიზანია რუსეთის სამოქალაქო, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. აშკარაა, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები, შემსრულებლები უკრაინული სპეცსამსახურები არიან.
კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით საკუთარი თავი ფაქტობრივად საერთაშორისო ტერორისტული ფორმირებების, ყველაზე ოდიოზური დაჯგუფებების გვერდით დააყენა. ამ სახის დანაშაულის უპასუხოდ დატოვება უკვე უბრალოდ შეუძლებელია.
დღეს, დილით, თავდაცვის სამინისტროს წინადადებით და რუსეთის გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით, უკრაინის ენერგეტიკის, სამხედრო სამეთაურო და საკომუნიკაციო ობიექტების წინააღმდეგ მიტანილი იქნა მასირებული დარტყმა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების იარაღით.
იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების მცდელობები, რუსეთის მხრიდან პასუხი იქნება მკაცრი და თავისი მასშტაბებით რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის შესაბამისი. ამაში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს“, - განაცხადა პუტინმა.
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია. რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი, ნიკოლაევი, ჟიტომირი, ხმელნიცკი, კრივოი-როგი და ხარკოვი დაბომბეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, „ტერორისტი სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია“ მასირებულ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს. ზალუჟნის თქმით, დილით რუსეთმა 75 რაკეტა გაისროლა, რომელთაგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ ვიდეოში, რომელიც კიევის ქუჩაში ჩაწერა, აღნიშნა, რომ რუსეთმა დარტყმები ირანული „შაჰიდებით“ განახორციელა. ზელენსკის თქმით, რუსეთს ორი სამიზნე აქვს: ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხალხი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღეს, დილით, კიევზე განხორციელებული შეტევისას, წინასწარი ინფორმაციით, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12 დაიჭრა.
უკრაინის სამხედრო დაზვერის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის დედაქალაქსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებას ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისიდან გეგმავდა. კერძოდ, დაზვერვის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 2 და 3 ოქტომბერს მიიღეს კრემლიდან ბრძანება, მომზადებულიყვნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებული სარაკეტო დარტყმებისთვის. „სამიზნეებად განსაზღვრული იყო სწორედ კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და მჭიდროდ დასახლებული უკრაინის ქალაქების ცენტრალური რაიონები. 8 ოქტომბერს აეროდრომ „ოლენიაზე“ აეროდრომ „ენგელსიდან“ გადატანილი იქნა სამი სტრატეგიული ბომბდამშენი „ტუ-160“, რომლებიც „Х-101“ საკრუიზო რაკეტებით აღიჭურვეს. სევასტოპოლის გარე რეიდზე განალაგეს საკრუიზო რაკეტების 6 მატარებელი „კალიბრის“ 40 რაკეტით“.
როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, „ტერორისტი სახელმწიფოს“ მთავარი მიზანი იყო თბოსადგურების განადგურება, უკრაინელებში პანიკის შექმნა და ევროპული საზოგადოების შეშინება.