მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სხოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღეს უკრაინა ამიერიდან 8 მაისს აღნიშნავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„სწორედ 8 მაისს ისხენებს მსოფლიოს ერების უმრავლესობა ნაციზმზე გამარჯვების დიდებულებას. მსოფლიო ქედს იხრის ყველას წინაშე, ვინც იცავდა და დაიცვა სიცოცხლე; ვინც იღებდა ნაცისტურ დროშებს გათავისუფლებული ტერიტორიებიდან და აღებდა საკონცენტრაციო ბანაკების ჭიშკრებს; ვინც თავისუფლება დაუბრუნა ერებს; ვინც გაანადგურა და დაგმო ნაცისტური ბოროტება.
სწორედ 1945 წლის 8 მაისს შევიდა ძალაში ვერმახტის უპირობო კაპიტულაციის აქტი. სწორედ 8 მაისს მსოფლიო პატივს სცემს ყველას ხსოვნას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა. ეს არის წმინდა ისტორია, იდეოლოგიური მინარევების გარეშე და ეს ჩვენი ხალხის, ჩვენი მოკავშირეების, მთელი თავისუფალი სამყაროს ისტორიაა. დღეს ჩვენ მას ვუბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს“, - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა არასდროს დაივიწყებს უკრაინელი ხალხის წვლილს ნაციზმის დამარცხებაში.
„ჩვენ არ დავუშვებთ ანტიჰიტლერული კოალიციის ხალხთა საყოველთაო გამარჯვების მითვისებას და ტყუილს, თითქოს გამარჯვება შესაძლებელი იქნებოდა რომელიმე ქვეყნის ან ერის მონაწილეობის გარეშე. როგორც მაშინ ვანადგურებდით ერთად ბოროტებას, ახლაც ისევე ერთად ვანადგურებთ ისეთივე ბოროტებას. სამწუხაროდ, ბოროტება დაბრუნდა. თუმცა კი ახლა აგრესორი სხვა არის, მიზანი ერთია - დამონება ან განადგურება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, 9 მაისი უკრაინაში არა ნაციზმზე გამარჯვების, არამედ ევროპის დღე იქნება: „ეს იქნება დღე ევროპისა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინელებს აგრესიის მთელი ცხრა წლის და სრულმასშტაბიანი შემოჭრის უკვე 439 დღის განმავლობაში. ეს იქნება ევროპის დღე - ჩვენი მოკავშირის, რომელიც თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს; რომელიც თავს არ ესხმის ჩვენს სუვერენიტეტს და ეჭვქვეშ არ აყენებს ჩვენს უფლებას, თავად ავირჩიოთ ჩვენი ეროვნული გზა; რომელიც არასოდეს უწოდებს უკრაინას „გამოგონილ“ ან „ხელოვნურ“ წარმონაქმნს; რომელიც გვაძლევს თავის იარაღს იმისთვის, რომ შევძლოთ საკუთარი თავისა და მისი, ჩვენი ევროპის დაცვა“.
მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის აქტი 1945 წლის 8 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით 23:01 საათზე შევიდა ძალაში, რაც მოსკოვის დროით 01:01 საათი იყო. სწორედ ამიტომ რუსეთი, საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ნაციზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ.
მრავალი წლის განმავლობაში 9 მაისი გამარჯვების დღე იყო უკრაინაშიც. 2015 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 8 მაისს ხსოვნისა და შერიგების დღე დააწესა, თუმცა 9 მაისი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღედ რჩებოდა და უქმედ იყო გამოცხადებული.