უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარს გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში დღესვე გადაასვენებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
27 წლის ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია კიევში 1-ელ დეკემბერს დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა.
ჯამბულათ ხოფერია იყო ძალისმიერ სამჭიდში 2014 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული. აფხაზეთის ომში იბრძოდნენ დაღუპულის ბიძა და მამა. ბიძა, 25 წლის ჯამბულათ ხოფერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. 24–ე ბრიგადის სადესანტო– საშტურმო ჯგუფის მეთაური დაიღუპა 1993 წლის 15 აპრილს ტყვარჩელთან, ლაშკანდერის მწვერვალზე. დაჯილდოებულია გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.
3 დეკემბერს, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათი ცხედრების გამოტანა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან ტერიტორია რუს ოკუპანტებს აქვთ დაკავებული. უკრაინაში მებრძოლი გიორგი როინიშვილის ინფორმაციით, თანამებრძოლების ცხედრების გამოტანას დავით ქუქჩიშვილი ჯგუფთან ერთად ცდილობდა, თუმცა ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა.
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკვე 35 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა, მათგან ერთი, 29 წლის რუსლან ბაირამოვი, ქართველი აზერბაიჯანელია, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერიდან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპულ ქართველებს 5 დეკემბერს „საწყალი ბიჭები“ უწოდა და თქვა, რომ ისინი საბრძოლველად „ომის პარტიას“ მიჰყავს.
„მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე. უბრალოდ, ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოულ სიტყვაზე. არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია. უბრალოდ, იცოდეთ, ჩემი შვილი, როცა ომი დაიწყო, თბილ მიუნხენში იყო. დილის 9-ზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. ვთხოვე, დამლოდებოდა ვარშავაში, არ დამელოდა და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას, მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა. იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი. მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა რაზეც ვფიქრობ, პირუთვნელად იარა“, - ასე გამოეხმაურა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის 27 წლის ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
7 დეკემბერს, ღარიბაშვილმა თავისივე განცხადება განმარტა: „ტერმინი „საწყალი“ შეიძლება, როცა ადამიანი... არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი უბრალოდ... ხშირად ვიყენებ ამ სიტყვას. ადამიანზე, რომელიც შეგეცოდება, ან გარდაიცვლება - ახლობელი იქნება, ნათესავი თუ სხვა, ხშირად შეიძლება უბრალოდ გამოიყენო ადამიანმა ეს ტერმინი. ადამიანი, რომელიც დაიღუპება, შეიძლება შეგეცოდოს და გულწრფელად გამოხატო შენი ემოცია. ეს ემოციის გამოხატვაა და ემოციის გამოხატვაზე ადამიანს უთხრა, რატომ გამოიყენე ეგ სიტყვა, ეს არის უბრალოდ...“, - თქვა ღარიბაშვილმა.
„საქართველოს ამბების“ მიერ შეგროვებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების სია:
- ბადრი მარკელია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- რომეო კვარაცხელია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- რომეო ფიჩხაია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- მერაბ ალადაშვილი - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- ავთო რურუა - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია - კიევის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- კონსტანტინე ქურსუა - კიევის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
- ლევან სახელაშვილი - ბაშტანკა, მიკოლაივის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
- გურგენ (გუგა) გაგნიძე - დონეცკის ოლქი, ბახმუტი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ალექსანდრე მარტიაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ერნესტ მაჭარაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
- მიხეილ ყაფლანიშვილი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ედიშერ კვარაცხელია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- რუსლან ბაირამოვი - მიკოლაივის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- გელა გოგია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- ბერდია ჯოხაძე - ხერსონის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- კახა გოგოლი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივლისი;
- ალუდა ზვიადაური - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- კირილე შანავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- დანიელ გერლიანი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- გიორგი გრიგოლია - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- რატი შურღაია - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის მაისი;
- ტელმან (ტატო) ბიგვავა - დონეცკის ოლქი, მარიუპოლი, „აზოვსტალი“, 2022 წლის მაისი;
- ვიტალი ორბელაძე - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ზაზა ბიწაძე - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- თემურ მაჭარაშვილი - ზაპოროჟიის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- ალიკა ცაავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- არკადი კასრაძე - ლუგანსკის ოლქი, რუბეჟნოე, 2022 წლის აპრილი;
- დავით მენაბდიშვილი - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ნიკა შანავა - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- დავით გობეჯიშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ბახვა ჩიქობავა - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- დავით რატიანი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- გია ბერიაშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ოლეგ გეგეჭკორი - კიევის ოლქი, 2022 წლის მარტი;