ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 700-ზე მეტი მოკლული უკრაინელის ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრი კოსტინმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
- 6 ძამის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-5 საუკუნის ეკლესია დაანგრიეს
„დაახლოებით 90% სამოქალაქო პირია. გამოვლენილია ოცზე მეტი ადგილი, სადაც უკრაინის მოქალაქეებს უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ. ყველაზე მეტი ასეთი ადგილი ხარკოვის ოლქშია აღმოჩენილი. ყველას გვახსოვს მასობრივი სამარხები იზიუმში. ხარკოვის ოლქის პრაქტიკულად ყველა ქალაქში, ყველა სოფელში ვპოულობდით ისეთ ადგილებს, სადაც უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს კლავდნენ. ასეთივე სიტუაცია გვაქვს ხერსონშიც. აქ ეს სამუშაოები მხოლოდ ახლა იწყება და ყოველდღე ახალ ინფორმაციას ვიღებთ“, - თქვა კოსტინმა.
17 ნოემბერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ხერსონის ოლქში, რომელიც მარტიდან იყო ოკუპირებული, 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი უკვე აღმოაჩინეს. მონასტირსკიმ ხაზი გაუსვა, რომ სამძებრო სამუშაოები მხოლოდ ახლა დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით 45 ათასამდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 8300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 437 ბავშვია. ეს მონაცემები ზუსტი არ არის, რადგან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დანაშაულის აღრიცხვა ვერ ხერხდება.
უკრაინაში მომხდარ სამხედრო დანაშაულებს ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოც იძიებს.
