უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა კიევს ირანული „კამიკაძე“ დრონებით შეუტია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17 ოქტომბერს, დილის 6:30 საათიდან კიევის ოლქის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსეთმა ე.წ. კამიკაძე დრონებით თავდასხმები განაახლა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ჩამოგდებული ირანული წარმოების დრონის, „შაჰიდის“ ფრაგმენტების ფოტო გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, დრონებით თავდახმის შედეგად, ცენტრალურ შევჩენკოს რაიონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შენობიდან 18 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი ნანგრევებშია ჩარჩენილი.

„კიევში აფეთქებებია. დედაქალაქს კამიკაძე დრონები დაესხნენ თავს. რუსები ფიქრობენ, რომ ეს უშველით, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა რაც შეიძლება მალე. ნელა მოქმედების დრო არ არის. მეტი იარაღი ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად. ასეც იქნება“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი.

კიევის გარდა აფეთქებებია სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებშიც. დნიპროპეტროვსკის   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზრიჩენკოს თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ოლქის თავზე სამი რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს, ერთი კი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა. განგაში იყო ქალაქ მიკოლაევშიც, სადაც წუხელ სამი დრონი აფეთქდა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტზე.

უმაღლეს რადაში უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით, რუსეთის სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი ტერორისტული ბუნება და უკრაინას მისცა დამატებითი არგუმენტები იარაღის მიწოდების დაჩქარების მოსათხოვად.

„ეს მხოლოდ დააჩქარებს მათ მარცხს. მაინც ვერ გაიგეს, ომს ტერორით ვერ მოიგებენ და მხოლოდ მოემატებათ პრობლემები. რაც შეეხება ირანს, ჩვენ უკვე ვმუშაობთ დიპლომატიური არხებით მეზობელ ქვეყნებთან, რომ ყველა არსებული ლოგისტიკური დერეფანი გავაჩეროთ“, - ამბობს არახამია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დედაქალაქზე ე.წ. კამიკაძე დრონებით თავდასხმები სამხრეთიდან განხორციელდა. რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთი კვირის წინ, 10 ოქტომბერს, დილის საათებში, რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, მათ შორის, ირანული დრონების გამოყენებით. როგორც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებაზე.

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმსა და ხერსონში ირანელი ინსტრუქტორები იმყოფებიან, რომლებიც რუსებს ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების - „შაჰიდ 136“-ების გამოყენებას ასწავლიან და უშუალოდ აკონტროლებენ უკრაინის სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით „კამიკაძე დრონების“ გაშვებას. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) ვარაუდობს, რომ ეს ინსტრუქტორები „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) სამხედროები ან მასთან დაკავშირებული პირები არიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.