ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ახლა საპარალამენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებაზე ფოკუსირებაა საჭირო. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი ძირითადად მიმართულია სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან, ავლენენ ხარვეზებსა და გაყალბებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
დღეს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად პარტია „ახალის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც მონაწილეობდა, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს კანონი ბიძინა ივანიშვილის ხელში არის ინსტრუმენტი, სანქციების დაწესების შემთხვევაში ოფშორული ანგარიშებიდან აქტივები და ფული დაიბრუნოს.
„რისი გაკეთება შეგვიძლია? ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ სანქციები რაც შეიძლება სწრაფად, დავრწმუნდეთ, რომ ისინი ნამდვილად მიმართული იქნება მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს საქართველოს გარდაქმნა და მისი აშენება რუსული მოდელის მიხედვით. ეს მიუღებელია. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ თავი არ უნდა მოვატყუებინოთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ზუსტად ვიცით, რა ხდება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“, - განაცხადა ფონ კრამონმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველა არ იზიარებდა ევროპარლამენტსა და ევროპულ ინსტიტუტებში, რადგან ეგონა და დღემდე დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება ამას იმსახურებს. ამასთან, ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სტატუსი საკუთარი მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენა. ევროპარლამენტარის აზრით, შეუძლებელი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება, თუ რუსული კანონი უკან არ იქნება გაწვეული.
„შეუძლებელია ასეთი სახის კანონით ეწინააღმდეგებოდე ევროპულ ღირებულებებს, შემდეგ კი მოითხოვო, გაწევრიანება. რა თქმა უნდა, მე მოვითხოვ [კანონის მიღების შემთხვევაში] კანდიდატის სტატუსის უკან წაღებას“, - განაცხადა ფონ კრამონმა.
ვიოლა ფონ კრამონი მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის (Verts/ALE) სახელით ევროპარლამენტში დღეს წარდგენილი რეზოლუციის პროექტის ავტორია. დოკუმენტში საუბარია იმ პირების მიმართ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც რუსულ კანონს მიიღებენ. რეზოლუციის პროექტი წარადგინეს ყველაზე დიდი ჯგუფის მქონე ევროპის სახალხო პარტიის წევრებმაც. ისინი მოითხოვენ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც რუსულ კანონს მისცემენ ხმას, არამედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც. რეზოლუციის შეჯერებულ ვარიანტს ევროპარლამენტში კენჭს 25 აპრილს უყრიან.