„ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ორი რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა - ევროპის სახალხო პარტიის (EPP) და მწვანეების/ევროპის თავისუფალი ალიანსის (Verts/ALE) სახელით. ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით, სანქციები დაუწესდეს საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს, ვინც კანონის მიღებას მისცემენ ხმას და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ამასთან, რეზოლუცია მოითხოვს საქართველოსთვის განკუთვნილი ყველა ფინანსური დახმარების გაცემის წინაპირობად დაწესდეს ამ კანონის სამართლებლივი მოწესრიგებიდან ამოღება. რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს 25 აპრილს უყრიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში, რომლის ავტორებს შორის ევროპარლამენტარები მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი და სხვები არიან, ვკითხულობთ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ კანონის მიღება გასულ გაზაფხულზეც სცადა, მაგრამ იძულებული გახდა უკან გაეწვია, მასობრივი პროტესტის და როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე დაგმობის შემდეგ, ასევე იმიტომ, რომ არ სურდა საქართველოს შანსს - მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - საფრთხე შექმნოდა.
ევროპის სახალხო პარტიას ყველაზე დიდი ჯგუფი აქვს ევროპარლამენტში. მათი რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი:
„1. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენის გამო; მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა თავისი არსითა და სულისკვეთებით შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან; ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი არღვევს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციის მინიმუმ ორ ნაბიჯს - პირველსა და მეცხრეს;
2. გამოხატავს განგაშს, რომ უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ რუსული ტიპის კანონის მიღება სერიოზულად დააზარალებს საქართველოს პროევროპულ გზას და თვლის, რომ ვიდრე ასეთი კანონმდებლობა საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას, სამუდამოდ უნდა შეჩერდეს; მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ 2023 წელს აღებული საჯარო ვალდებულებების დარღვევით კანონპროექტის ხელახლა წარდგენის აქტით საქართველოს რეპუტაცია დაზიანდა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები საფრთხის ქვეშ დგება, რადგან კანონპროექტი საქართველოს აყენებს იმავე გზაზე, რომელზეც რუსეთის ფედერაცია და სხვა მისი თანამოაზრე ქვეყნები დგანან;
3. წუხს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონი ძირს გამოუთხრის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მუშაობას, რომლებიც არიან საუკეთესო და ეფექტური სუბიექტები ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და მონიტორინგისთვის; აფრთხილებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეს შეასუსტებს კონტროლსა და ბალანსის სისტემას საქართველოში;
4. მიიჩნევს, რომ ასეთი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს;[ევროპარლამენტი] დგას საქართველოს ხალხის გვერდით, ვინც ამ კანონპროექტს აპროტესტებს და მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს იცხოვრონ აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს პოლიტიკურ თავისუფლებას, თავისუფალ მედიას და ღია საზოგადოებას, იცავს ადამიანის უფლებებს;
5. მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში ევროკავშირმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, რომელმაც მის სასარგებლოდ მისცა ხმა, სანქციები უნდა დაუწესოს; კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს, განიხილოს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი; კანონის მიღების შემთხვევაში, მოუწოდებს კომისიას, საქართველოსთვის განკუთვნილი ყველა ფინანსური დახმარების გაცემის წინაპირობად დააწესოს ამ კანონის სამართლებლივი მოწესრიგებიდან ამოღება.
6. სჯერა, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღებით შესაძლო უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით, კომისიამ უნდა მოამზადოს შუალედური ანგარიში ცხრა რეკომენდაციის განხორციელების შესახებ. წლიური ანგარიში გამონაკლისის სახით წარმოდგენილი უნდა იყოს ოქტომბრის დასაწყისში;
7. მიმართავს პარტია „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღებისგან და გააუქმოს იგი, რათა საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივას საფრთხე არ შეუქმნას;
8. მოუწოდებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცას და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს“.
„ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო რუსული კანონი, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს. ევროკავშირმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, არ მიიღოს კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის მედიის და სამოქალაქო სექტორის თავისუფლებას და არსებობას.