ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი განრიგში მოსკოვი-თბილისის რეისების დამატებას ტექნიკური ხარვეზით ხსნის. აეროპორტის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ პირდაპირ ფრენებს 18 აპრილიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე შეასრულებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
აეროპორტის ვებგვერდზე თბილისის მიმართულებით რეისები აღარ იძებნება.
„ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ტაბლოზე დაფიქსირებულია ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად ყველა ზომას მივმართავთ“, - განაცხადეს აეროპორტში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, რუსულ მხარეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე მათთვის არ მიუმართავს და ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწონა „სიმამაცე“, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლავროვის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ფრენების აღდგენისთვის, თუმცა „ტანგოს ორი სჭირდება“.
საქართველოს მმართველი პარტია რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამას იმით ხსნის, რომ 2019 წელს დაწესებულმა სანქციამ რუსეთში მცხოვრები საქართველოს 800 ათასი მოქალაქის მდგომარეობა დაამძიმა. კობახიძის თქმით, პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და აღდგენასაც ცალმხრივი გადაწყვეტილება სჭირდება.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა, რასაც წინ 20 ივნისს რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უძღოდა. რუსეთის ხელისუფლება ავიამიმოსვლის აღდგენისთვის ერთ-ერთ პირობად „საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების დასრულებას და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეების გაქრობას“ ასახელებდა.
