ზახაროვას თქმით, ნატოს საქართველოს სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნებისა და ქვეყნის შესაძლო ნეიტრალური სტატუსის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ნატოს სურს, საქართველო სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებსა და ავანტიურაში ჩაითრიოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არ მინდა საქართველოში პარტიულ მშენებლობაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ჩვენ ამას ქვეყნის შიდა საქმედ მივიჩნევთ. დასავლეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით ამ პროცესებში, არ ვახდენთ გადატრიალებების პროვოცირებას, არ ვცვლით რეჟიმებს და არ ვაწესებთ ცალმხრივად სანქციებს უცხო ქვეყნებისა და მათი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რათა მათ დამორჩილება ვაიძულოთ და ა.შ.

რაც შეეხება ნატოს, ჩვენ არაერთხელ მივაქციეთ ყურადღება ბლოკის მტრულ კურსს რუსეთის მიმართ და მის მცდელობებს, დამკვიდრდეს მისთვის ახალ რეგიონებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ალიანსის არა თავდაცვითი, არამედ უკიდურესად აგრესიული განზრახვების გათვალისწინებით - საკუთარი შეხედულებებისა და სტანდარტების თავს მოხვევის მცდელობებით სხვების ინტერესებისა და უსაფრთხოების საზიანოდ - მისი გავლენა იქ მხოლოდ დესტრუქციული შეიძლება იყოს. შესაბამისად, ეს არის მავნე ბლოკი, მათ შორის ამ რეგიონის სახელმწიფოებისთვისაც.

ნატოს მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით ნათელია: მისი სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და ახალი ავანტიურებისკენ წაქეზება. სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებით სამხრეთ კავკასიის ევროატლანტიკოსების „სამფლობელოდ“ გადაქცევას და იქ ნატოს ძალებისა და საშუალებების განლაგებას.

სხვათა შორის, ჩვენი პოზიცია მხარდაჭერას პოულობს რეგიონის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ნამდვილი პატრიოტები არიან. ისინი არ ეწევიან პროვოკაციულ, დემაგოგიურ პატრიოტიზმს, არამედ გულწრფელად მოქმედებენ თავიანთი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

სხვათა შორის, ნატოში „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს. ალიანსის რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აკრიტიკებს ასეთ კურსს. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ვაშინგტონსაც სერიოზული ეჭვები აქვს დამატებითი წევრების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. აშშ-ის ახალმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავლენა უნდა მოახდინოს ნატოს „უსასრულო“ გაფართოების პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეუმჩნეველი არ დარჩება თბილისისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ღია კარის პოლიტიკას უწოდა „ფარსი“, რასაც, მისივე თქმით, მძიმე შედეგები მოჰყვა საქართველოსა და უკრაინისთვის. კობახიძის თქმით, დღეს შეერთებული შტატები ამ პოლიტიკის გადახედვას ცდილობს.

2025 წლის 5 დეკემბერს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოქვეყნდა. ევროპის მიმართულებით, სტრატეგია აშშ-ის უსაფრთხოების მთავარ პრიორიტეტებს შორის ასახელებს ნატოს მუდმივად გაფართოებად ალიანსად ყოფნის აღქმის დასრულებას, ასევე, რუსეთთან „სტრატეგიული სტაბილურობის“ აღდგენას, ევროპისთვის თავდაცვის მიზნით სამხედრო შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობის მიცემას, ევროპაში მოწინააღმდეგე ძალის დომინირების თავიდან აცილებას.

 

ამ თემაზე:

იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები – პაპუაშვილი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.