ზეია: მთავრობას მოვუწოდებთ, შეასწოროს კურსი და საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავ ღრმადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უზრა ზეიამ მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს შორის გამოყო ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონი და რიტორიკა, რომელიც „ძირს უთხრის ევროკავშირისკენ გზას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას“.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

უზრა ზეიასა და ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა 12 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.  როგორც კობახიძე ამბობს, მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სთხოვა, რუსულ კანონთან დაკავშირებით მომავალში კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინოს.

„უზრა ზეიასთან მქონდა კითხვები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. აქაც იყო ზოგადი შეფასება - ყოველგვარი არგუმენტაციის, კონკრეტიკის გარეშე.

მე ვთხოვე მას, რომ მომავალში წარმოედგინათ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება ზოგად კომენტარებზე რეაგირება.

ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც არაერთგზის დავაფიქსირეთ. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები და კვლავაც ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს გზავნილი გავუზიარე პირადად მას, როდესაც გვქონდა შეხვედრა და იმედია, რომ თანდათანობით ყველაფერი გაუმჯობესდება, ურთიერთობები გაჯანსაღდება. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ სადღაც მომავალი წლის დასაწყისიდან თვისებრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

უზრა ზეიას განცხადებას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით,  ვინც დღეს „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, „2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ“.

„არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია.

რაც შეეხება კანონპროექტს, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ კრიტიკას. სამწუხაროდ, ვერცერთი არგუმენი ვერ მოვისმინეთ, რატომ არის გამჭირვალობა ცუდი ან რატომ შეიძლება, შეუშალოს ხელი გამჭირვალობამ, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას? რატომ ეწინააღმდეგება გამჭირვალობა დემოკრატიას და ევროპულობას?“, - თქვა კალაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოში 11 ივლისს ჩამოვიდა. ორი დღის განმავლობაში მან შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, პარლამენტის ქალ დეპუტატებთან - ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.

შეხვედრების შეჯამებისისას უზრა ზეიამ განაცხადა, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი აზიანს აყენებს ქართველ ხალხს, მათ შორის ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც „მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, განათლებას, სოფლის მეურნეობას, მედიას და მრავალ სხვა სფეროს“. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, სწორედ ამის შედეგად შეაჩერა ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწა.

„ანალოგიურად საგანგაშოა ძალადობა და სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების წევრების დაშინება. უფრო მეტსაც გეტყვით - მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მისი ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის მიმართ, როგორიცაა აშშ, მხოლოდ მტრის ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა უზრა ზეიამ.

მან ყურადღება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა და თქვა, რომ აშშ რომელიმე კონკრეტულ პარტიას მხარს არ უჭერს, თუმცა, კონკურენტუნარიანი პოლიტიკურ პროცესის მოლოდინი აქვს: „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე შეუფერხებლად დაკვირვება“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

უზრა ზეიამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შეწყვიტოს სამოქალაქო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა, ასევე სასწრაფოდ გამოიძიოს ძალადობის საქმეები და დასაჯოს მოძალადეები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).