უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის, მათ შორის ლიდერების დონეზე რუსეთთან ორმხრივი შეხვედრისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ევროპის ქვეყნების და ნატოს ლიდერებთან ერთობლივი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაურეკა დიპლომატიური ნაბიჯების განსახილველად. კერძოდ, მან პუტინს შესთავაზა სამმხრივი შეხვედრის ჩატარება უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების დონეზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მოგვიანებით, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ოვალურ კაბინეტში შეიკრიბნენ, რათა ამ სატელეფონო საუბრის შედეგები განეხილათ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ შესთავაზა ჯერ უკრაინასთან ორმხრივი შეხვედრის ჩატარება, შემდეგ კი სამმხრივი შეხვედრის გამართვა შეერთებული შტატების მონაწილეობით.
„ჩვენ მზად ვართ ლიდერების დონეზე ნებისმიერი ფორმატისთვის, რადგან მხოლოდ ლიდერების დონეზე შეგვიძლია ყველა რთული, მტკივნეული საკითხის გადაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ისინი მნიშვნელოვანი და მტკივნეულია. ამიტომ, მე დავადასტურე - და ყველა ევროპელმა ლიდერმა მხარი დამიჭირა - რომ ჩვენ მზად ვართ ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი შეხვედრისთვის და ამის შემდეგ სამმხრივ შეხვედრას ველით.
მე პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილე, რომ ყველა მხარემ უნდა გამოხატოს ომის დასრულების სურვილი. კერძოდ, ასეთი ნაბიჯი ლიდერების დონეზე დიპლომატიური შეხვედრაა. თუ რუსული მხარე ამას არ გააკეთებს, უკრაინა აშშ-ს შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 აგვისტოს თეთრ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მომზადება დაიწყო. შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, თქვა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.
კრემლმა დაადასტურა პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი, თუმცა არ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის მზადყოფნა, შეხვდეს უკრაინის ლიდერს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ პუტინმა და ტრამპმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების „დონის ამაღლების“ შესაძლებლობა. ვლადიმირ პუტინმა ადრე უარი თქვა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.
