უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ავსტრიაში, შვეიცარიაში ან თურქეთში გაიმართოს, მაგრამ არა უნგრეთში ან რუსეთში. ამის შესახებ მან 20 აგვისტოს, კიევში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია და ევროპელებმაც დაჟინებით მოითხოვეს, რომ შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში ჩატარდეს, რადგან უკრაინასა და ევროპის კონტინენტზე ომია. მე ვთქვი, რომ ჩვენ თანახმა ვართ. შვეიცარია, ავსტრია - თანახმა ვართ. თურქეთი? თურქეთი ჩვენთვის ნატოს წევრი ქვეყანა და ევროპის ნაწილია - წინააღმდეგი არ ვართ.
მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია. რაც შეეხება ბუდაპეშტს, როგორც პლატფორმას, მეჩვენება, რომ დღეს ეს მარტივი არ არის. მარტივი არ არის, რადგან ამ ომის დროს ყველა ევროპულ ქვეყანას შორის ერთიანობაა უკრაინის მხარდაჭერაში. გულახდილები ვიყოთ - ბუდაპეშტმა ჩვენ არ დაგვიჭირა მხარი. მე არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ იყო, მაგრამ ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
18 აგვისტოს, ვაშინგტონში, უკრაინისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაიწყო ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მომზადება.
„ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვექნება სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ორი პრეზიდენტის და ჩემი მონაწილეობით გაიმართება“, - თქვა ტრამპმა.
როგორც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, შეხვედრა ორ კვირაში უნდა გაიმართოს.
20 აგვისტოს ზელენსკიმ განმარტა, „თავდაპირველად ასეთი ლოგიკა არსებობდა“ - ვაშინგტონში მოლაპარაკებებიდან 7-10 დღეში უკრაინა „გაიგებდა უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურას, რის შემდეგაც ის პუტინს შეხვდებოდა, თუმცა სამმხრივ ფორმატში, ანუ ტრამპის მონაწილეობით“. თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის ლიდერმა რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ სამმხრივი შეხვედრის ჩატარება შესთავაზა. „მე მაშინვე ვუპასუხე, ჩვენ მზად ვართ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოსკოვს დღემდე არ დაუდასტურებია, რომ შეხვედრისთვის ემზადება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უარს არ ამბობენ არცერთ ფორმატზე - არც ორმხრივზე და არც სამმხრივზე.
ვაშინგტონის შეხვედრამდე, 15 აგვისტოს, დონალდ ტრამპი ალასკაში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ტრამპმა ორივე შეხვედრას „ძალიან წარმატებული“ უწოდა.
