ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი შიმშილობის მე-17 დღეს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე და უფლებადამცველები ავრცელებენ. ამ დროისთვის უცნობია, როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დამიკავშირდა მეუღლე, რომელსაც ციხიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ გადაჰყავდათ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. არ გამოვრიცხავ, რომ დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა, მეორე მომენტიც არის - ჩვენ თვითონ გვქონდა მოთხოვნილი მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მისი სუსტი მდგომარეობიდან გამომდინარე. გადაადგილება უჭირს, არაფერს იღებდა, მათ შორის, არც სამედიცინო დახმარებას“, - უთხრა „მთავარ არხს“ რუსუდან მჭედლიშვილმა, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსი, გამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის საქმეზე იძებნებოდა. როგორც გაირკვა, ბაქოში ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის მაისში აღძრეს, რაც, ოჯახის წევრების მტკიცებით, სადიგოვის საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირდება.

4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ზემდგომმა ინსტანციამ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ჟურნალისტმა იზოლატორში შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა საერთაშორისო დაცვის (თავშესაფრის) მინიჭებაზე. უწყებამ მიიჩნია, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას არ ემუქრება ის საფრთხეები, რაზეც ჟურნალისტი საკუთარ განცხადებაში მიუთითებდა.

აფგან სადიგოვის მეუღლის სევინჯ სადიგოვას თქმით, ჟურნალისტი შიმშილობით აპროტესტებს მის წინააღმდეგ უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ დევნას და გათავისუფლებას ითხოვს. „აფგანი მიიჩნევს, რომ რადგან აზერბაიჯანსა და საქართველოში კანონი არ მოქმედებს, იძულებულია შიმშილობას, უკიდურეს გზას მიმართოს. ის იშიმშილებს მანამდე, ვიდრე მისი უფლებები არ აღდგება“, - ამბობდა სადიგოვა.

აფგან სადიგოვი საქართველოში ოჯახთან ერთად 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, ივლისში, ცოლ-შვილთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მაშინ ის არ დაუკავებიათ და განუმარტეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო. სადიგოვები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და სწორედ ამიტომ სურდათ ქვეყნის დატოვება.

 

ამ თემაზე:

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს არ გადასცეს

აშშ საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.