საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მოსკოვის პრესტიჟულ რაიონებში რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
გამოძიების თანაავტორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, სოკოლისა და ოდინცოვოს რაიონებში ივანიშვილები ფლობენ 2 კერძო საცხოვრებელ სახლს (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით. აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია. ქონებები რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ სახელზე.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის დაპირება, რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის შესახებ, რასაც დღემდე აჟღერებენ მმართველი პარტიის პირველი პირები, ტყუილი იყო. კავშირის გაწყვეტის ნაცვლად, მისი ოჯახი მოსკოვური ქონების გაფართოებითაა დაკავებული“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მოსკოვის შემოგარენში, სოკოლის დასახლებაში მდებარე სახლის თანამესაკუთრეა უტა ივანიშვილი, რომელიც, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეა. გამოძიების თანახმად, ივანიშვილებს აღნიშნული სახლი თვეში დაახლოებით 9000 დოლარად ცნობილ რუს რეჟისორ ანდრეი პერშინზე (ფსევდონიმით ჟორა კრიჟოვნიკოვი) აქვთ გაქირავებული. გაქირავებას შპს „აკვა-სფეისი“ უზრუნველყოფს - კომპანია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული Vanity Overseas Limited-ის საშუალებით ფლობს. გამოძიების მიხედვით, ქირიდან მიღებული შემოსავლის უმეტეს ნაწილს „აკვა-სფეისი“ პირადად ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს ურიცხავს. ამ გზით, ეკატერინე ხვედელიძემ 2022 წლის სექტემბრის შემდეგ დაახლოებით 94 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
მოსკოვური ქონების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს, პრემიერის რანგში შევსებულ ერთადერთ დეკლარაციაში ნახსენები აქვს. თუმცა, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ქონების უდიდესი ნაწილის შეძენა და რეგისტრაცია ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ბოლო წლებში მოხდა. კერძოდ, ოდინცოვოს რაიონში მან 2021 წელს შეიძინა დამატებით 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (საერთო ფართით 9070 კვ.მ.) მათზე არსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობით, მათ შორის 795.6 კვ.მ. ფართობის კერძო საცხოვრებელი სახლით, ხოლო სულ რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის 19 აპრილს – 4500 კვ.მ. ფართობის კიდევ ერთი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. ამასთან, ოდინცოვოს რეზიდენციას და ასევე 2024 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთის წინა მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი იყო.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორები არიან „ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტი“ (SCOOP), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სტუდია მონიტორი“, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC), „აი ფაქტი“ და iStories. მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ და შვილმა კომენტარის თხოვნას არ უპასუხეს.