ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სხდომის დარბაზშივე დააპატიმრა. ჯაფარიძეს „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა. მისი დაპატიმრება პროკურატურამ მოითხოვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„თუ ყველა იტყვის უარს ტყუილში მონაწილეობაზე ეს რეჟიმი ჩამოიფშვნება. ციხეში რომ ჩამსვათ, მივალ კომისიაზე? - არ არსებობს რაციონალური არგუმენტი რის გამოც მე უნდა ვიჯდე ციხეში.

არ არსებობს პატიმრობის არანაირი საფუძველი. ვინ არიან მოწმეები? არ ვიცი, რა მტკიცებულებები უნდა გავანადგურო თუ თავისუფლებაზე ვიქნები. ქვეყნიდან გაქცევას რაც შეეხება, ვიყავი სტრასბურგში, მერე კიდევ გავედი და შემოვედი, ყოველდღე დავდივარ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების სასამართლოებზე. რაიმე რისკი რომ მოწმეებზე მოვახდენ ზემოქმედებას, ან ქვეყანას დავტოვებ არ არსებობს, მე არ ვაღიარებ ამ პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ედება, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯაფარიძის ადვოკატებმა ნიკა გვარამიამ და ირაკლი ჩომახაშვილმა სხდომის დარბაზის შეცვლა მოითხოვეს, რადგან პროცესზე დასწრება ბევრ ადამიანს სურდა, დარბაზი კი მცირე ზომის იყო, დაახლოებით 20 ადამიანს იტევდა. მოსამართლემ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა. მან ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატების სხვა შუამდგომლობებიც - სხდომას დასწრებოდნენ აშშ-ის და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები; დაეკითხათ ე.წ. „დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანი. შუამდგომლობების უარყოფის შემდეგ ადვოკატებმა სხდომა დატოვეს. დაცვის გარეშე დარჩენილ ჯაფარიძეს მოსამართლემ სახაზინო ადვოკატიც არ დაუნიშნა, რადგან მისი თქმით, ბრალდებულის მხარე საქმის გაჭიანურებას ცდილობდა.

ვიდრე მოსამართლე ჯაფარიძის საქმის განხილვას დაიწყებდა, სასამართლოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციელები მობილიზდნენ. დღესვე სასამართლოს შენობაში არ დაუშვეს ვიდეოკამერები.

ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრების შემდეგ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თქვა, რომ არ მივა 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის წინააღმდეგ ჩანიშნულ სხდომაზე. პროკურატურა ნიკა მელიასაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას ედავება. ჯაფარიძის მსგავსად მასაც გირაო აქვს შეფარდებული, 50 000 ლარის ოდენობით. გირაოს თანხის გადახდას არც მელია აპირებს.

„მე მივიღე გადაწყვეტილება იქ არ მივიდე. რატომ? ხალხის პატივსაცემად. მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს. არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა“, - აღნიშნა ნიკა მელიამ ტვ „პირველის“ ეთერში.

წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო, 14 მაისს დააპატიმრეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი.

ამავე ბრალდებით გირაო აქვთ შეფარდებული ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - კოალიცია „ცვლილებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას (30 000 ლარი), კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000 - 50 000 ლარი); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გივი თარგამაძეს (10 000 ლარი); „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი).

ხაზარაძემ, თარგამაძემ და ჯაფარიძემ გირაოს თანხა უკვე გადაიხადეს. ვაშაძეც აპირებს მის გადახდას უძრავი ქონების უზრუნველყოფით. გვარამიამ კი თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის. მის საქმეზე სასამართლო სხდომა 7 ივნისს გაიმართება.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს. ე.წ. საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. „ქართულ ოცნებას“ სურს აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ აღიარეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, უარი თქვეს მანდატებზე და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.