საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ აფხაზების გვერდით დგას, ვინც სოხუმში აქცია გამართეს და თქვეს, რომ „აფხაზეთი არ იყიდება“. 30 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ზურაბიშვილს გამოეხმაურნენ და მანიპულაციაში დასდეს ბრალი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკება და ევროპასთან ერთად განსაზღვროს როგორი იქნება ეს მშვიდობა - ისეთი, რომელმაც რუსეთი უნდა დაავალდებულოს, უარი თქვას ნებისმიერი უცხო მიწის ოკუპაციაზე.
ამიტომ, როდესაც მე ვითხოვ ევროპულ მომავალს საქართველოსთვის, ასევე ვითხოვ მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რადგან მათთვისაცაა ეს მომავალი - ერთადერთი მომავალი, რომელიც უზრუნველყოფს მათ თავისუფლებას, დაცულობას და იდენტობას. მე ვდგავარ მათ გვერდით, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში, დემონსტრაციაზე გამოვიდა ბანერით - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსეთს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები აფხაზეთში ანტირუსული განწყობების არსებობას უარყოფენ და ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, სასურველი რეალობად გაასაღოს.
„მანიპულაცია ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი საქმეა, რომლის მიზანია აფხაზეთსა და რუსეთს შორის ჩამოყალიბებულ, ძლიერ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ბზარი გააჩინოს. აფხაზეთის რესპუბლიკაში არ არის და არ იქნება ანტირუსული განწყობები არც საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ სივრცეში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები - „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“, „არუაა“, „ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირი“, „აამტა“, „ერთობა“ და პოლიტიკური პარტიები „აფსნი“ და „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი“.
ე.წ. ოპოზიციის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი ასე ძალიან ზრუნავს აფხაზეთის მოქალაქეებზე და მათ უფლებებზე, ის უფლებამოსილია გამოვიდეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმების ინიციატივით და დაიწყოს აფხაზეთის სახელმწიფოს, აფხაზური პასპორტების აღიარება.
„ამ საკითხების გადაჭრა საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ნორმალური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარების პროცესი“, - პასუხობენ სალომე ზურაბიშვილს აფხაზეთიდან.
30 მაისს, ქალაქ სოხუმში, აფხაზეთის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და ე.წ. მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას არა მხოლოდ მთავრობის გადაყენებისკენ მოუწოდებენ, არამედ ითხოვენ რეფორმების საბჭოს შექმნას, „საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზების“ შესახებ ბრძანების გაუქმებას, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე უარის თქმას და რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემაზე დადებული შეთანხმების უკან გაწვევას. ე.წ. ოპოზიცია აქციების გაგრძელებას აპირებს იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
