ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა ე.წ. მთავრობის და მისი მეთაურის, პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბის გადაყენება იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
ოპოზიციის წარმომადგენლებმა 30 მაისს, აფხაზეთის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე შეკრებილი მხარდამჭერების წინ განაცხადეს, რომ მთავრობის პოლიტიკა ხალხისა და სახელწმიფოს ინტერესებს არ შეესაბამება.
„მოქმედი მთავრობა არჩევნების დროს აფხაზეთის ხალხს არწმუნებდა, რომ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ რეფორმებს გაატარებდა, შეამცირებდა ბიუროკრატიულ აპარატს და ღია იქნებოდა. რას ვხედავთ დღეს? რეფორმების არარსებობას, საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღების დროს მთავრობის ჩაკეტილობას, როგორც ეს მოხდა სახელმწიფო აგარაკ „პიცუნდას“ [ბიჭვინთის - რედ.] შემთხვევაში. მთავრობა დაკავებულია საკუთარი კომერციული პროექტების განხორციელებით და ამავდროულად, გამოხატავს მზაობას სხვასთან გაიყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ჩვენ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ არ ვენდობით ამ ხელისუფლებას, არ ვენდობით პრეზიდენტს, მინისტრებს და მთელ მთავრობას“, - განაცხადა ხინა დუმავამ, რომელიც ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, „არუაა-ს“ წარმოადგენს.
პოლიტიკური პარტია „აფსნის“ თავმჯომარემ, ვიტალი გაბელიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში კორუფცია და არაკომპეტენტურობა იმდენად არის გაზრდილი, რომ „სახელმწიფოს არსებობა ეჭვქვეშ დგება“.
„ხელისუფლებასთან დიალოგის მცდელობამ ნულოვანი შედეგი გამოიღო. აუცილებელ რეფორმებს უწოდეს არასაჭირო. ახლა მათ სურთ გააძლიერონ პრეზიდენტის ისედაც დიდი ძალაუფლება პარლამენტის დათხოვნით - ხელისუფლების შტოების დამაბალანსებელი ერთადერთი მექანიზმის განადგურებით“, - თქვა გაბელიამ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას არა მხოლოდ მთავრობის გადაყენებისკენ მოუწოდებენ, არამედ ითხოვენ რეფორმების საბჭოს შექმნას, „საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზების“ შესახებ ბრძანების გაუქმებას, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე უარის თქმას და რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემაზე დადებული შეთანხმების უკან გამოწვევას.
საპროტესტო აქციის პარალელურად, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ასლან ბჟანიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათთან გამოსულმა ბჟანიამ აქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათზე საჭიროა მუშაობა და დაბალანსებული მიდგომა. „არის კანონპროექტები, რომელთა განხილვა უკვე დავიწყეთ, არის ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილება“, - განაცხადა ბჟანიამ.
მისივე თქმით, პოლიტიკური საკითხები უნდა გადაწყდეს კაბინეტებში და არა მოედნებსა და ქუჩებში.
ე.წ. ოპოზიცია აქციების გაგრძელებას აპირებს იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„დღეიდან, ჩვენ ვაცხადებთ საპროტესტო აქციების სერიას და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ანტიეროვნული ხელისუფლება წავიდეს“, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ადგურ არძინბამ. „დღეს, იმისთვის, რომ ქვეყანა მშვიდად იყოს, არ მოვითხოვეთ პრეზიდენტის გადადგომა. იმედი გვაქვს, რომ ის ისწავლის გაკვეთილს, გააცნობიერებს თავისი პოლიტიკის მავნებლობას ხალხისთვის და მთელი საზოგადოების გულისთვის, კომპრომისის ნიშნად, დაითხოვს მინისტრთა კაბინეტს და დაიწყებს დიალოგს ყველა მოქალაქესთან, არ დაყოფს მათ მეგობრებად და მტრებად“.