ამ დროისთვის, სომხურ მხარეს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადასტურებული 49 დანაკარგი აქვს. სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის. დაღუპული ჯარისკაცის ან ოფიცრის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია არ ქვეყნდება, ვიდრე არ დავრწმუნდებით“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულები არიან აზერბაიჯანის მხარესაც, თუმცა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს კონკრეტული რიცხვი ჯერ არ დაუსახელებია.

13 სექტემბერს, 01:00 საათზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთი საათის წინ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო საშუალებებიდან და დიდი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნეს ქალაქების გორისისა და ჯერმუკის და დაბა სოთქის სომხური პოზიციების მიმართულებით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის შეჭრის შესახებ.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვა სხვადასხვა მიმართულებით აწარმოეს. გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს დაშქესანის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის, ნაღმმტყორცნებით. შედეგად გვაქვს მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დილის 8 საათისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარებას მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია: „აზერბაიჯანული მხარე განაგრძობს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, საზენიტო და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას ვარდენისის, სოთქის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას“. სამინისტროს ცნობით, საზღვრის ზოგიერთ რაიონში პოზიციური ბრძოლები გრძელდება და აზერბაიჯანი არ წყვეტს წინსვლის მცდელობებს. სომხური მედიის თანახმად 11:00 საათის მონაცემებით სროლები გრძელდებოდა.

სომხეთმა, მისი „სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის“ გამო ოფიციალურად მიმართა რუსეთს, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის წევრებიც სომხეთთან და რუსეთთან ერთად არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. ეს გადაწყვეტილება წუხელ ერევანში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, წუხელვე, ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მხარეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი საბრძოლო მოქმედება. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბლინკენის განცხადების თანახმად, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა.

„სომხეთმა უკვე უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები. ისინი უნდა ფოკუსირდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობაზე“, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მინისტრებმა აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.

აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სომხეთთან საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა. სომხეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს ამ საკითხზე ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. 

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. ომში დაახლოებით 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა. შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვან ნაწილსა და შვიდ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც წინა ომის შემდეგ სომხეთის ძალებს ეკავათ. სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).