ევროპის საბჭომ ციხეებისა და პატიმრების შესახებ ყოველწლიური ანგარიში (SPACE I 2025) გამოაქვეყნა, რომელიც წევრი ქვეყნების პენიტენციურ სისტემებში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო კვლავ იმ სახელმწიფოთა რიგებშია, სადაც პატიმრობის მაჩვენებელი კრიტიკულად მაღალია - ქვეყანა თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში სულ 8 592 პატიმარი ირიცხებოდა. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 100 000 მცხოვრებზე პატიმართა რაოდენობის კოეფიციენტი 231.9-ს შეადგენს. ევროპული მედიანური მაჩვენებლის (110.1) ფონზე, ევროპის საბჭო საქართველოს „ძალიან მაღალ“ კატეგორიაში აჯგუფებს. ამ მაჩვენებლით საქართველოს უსწრებს მხოლოდ სამი ქვეყანა: თურქეთი (458 პატიმარი 100 000 მოსახლეზე); აზერბაიჯანი (271) და მოლდოვა (245). ხუთეულს საქართველოს შემდეგ ხურავს უნგრეთი – 206 პატიმრით.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის იანვრამდე საქართველოში პატიმართა რიცხვი 11%-ით შემცირდა, ხოლო ბოლო ათწლეულის (2015–2025) მონაცემებით, კლებამ 15.5% შეადგინა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად 2024 წელს სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები სახელდება – ამნისტია 953 პირს შეეხო, ხოლო ინდივიდუალური შეწყალებით 688-მა მსჯავრდებულმა ისარგებლა.
SPACE I-ის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა აბსოლუტურ უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ. ქალი პატიმრების წილი (377 პირი) დაახლოებით 4.4%-ია, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ციხეში საბოლოო განაჩენის მოლოდინში (წინასწარ პატიმრობაში) იმყოფებოდნენ, 1 702-ს შეადგენდა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ერთ თანამშრომელზე საშუალოდ 2.1 პატიმარი მოდის, რაც ევროპაში „ძალიან მაღალ“ მაჩვენებლად ითვლება. გარდა ამისა, 2024 წელს სახელმწიფოს ერთი პატიმრის შენახვა დღეში საშუალოდ 23.23 ევრო უჯდებოდა.
ეროვნულ დონეზე არსებულ მძიმე სურათს აძლიერებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) უახლესი წლიური ანგარიშიც.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 პირს მიაღწია, რაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე წყაროს ცნობით, 2025 წელს ქვეყანას ჯამში 11 153 პატიმარი ჰყავდა - 2012 წლის შემდეგ, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ეს რეკორდული და ყველაზე მაღალი ნიშნულია.
სასჯელის სახეები 22 767 მსჯავრდებულს შორის რამდენიმე კატეგორიად ნაწილდება, სადაც ნახევარზე მეტს, კერძოდ 11 406 პირს (50.1%) პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.
22 767 მსჯავრდადებულიდან არასრულწლოვანი იყო 521 პირი. ყველაზე მეტი მსჯავრდადებული – 12 321 პირი, 30-დან 49 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება.
რაც შეეხება დანაშაულის სახეებს, 2025 წელს მსჯავრდადებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების პირველი სამეული ასე გამოიყურება: ნარკოდანაშაულები – 5 322 პირი; ქურდობა – 3 208 პირი; ტრანსპორტის მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების დარღვევა – 733 პირი.
მსჯავრდადებულთა რიცხოვნობა წლების მიხედვით ასე იზრდებოდა:
- 2025 წელი - 22 767 მსჯავრდადებული;
- 2024 წელი - 16 961 მსჯავრდადებული;
- 2023 წელი - 18 547 მსჯავრდადებული;
- 2022 წელი - 18 850 მსჯავრდადებული;
- 2021 წელი - 15 412 მსჯავრდადებული;
- 2020 წელი - 12 980 მსჯავრდადებული.
