საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაავრცელა 140-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. ხელმომწერები განცხადებაში სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ეყრდნობიან და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება მისი „წამებით მოკვდინების“ აქტია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მარგველაშვილთან ერთად განცხადებას ხელს აწერენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, ყოფილი მინისტრები. მოთხოვნას შეუერთდნენ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი, ადამიანის უფლებებისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია და სხვები.
„როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ისე ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი წამებით სიკვდილით დასრულდება.
ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის წამებით მოკვდინება, სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, ვინაიდან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მისი ღირსების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.
პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. ფატალური შედეგი არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი. გასათვალისწინებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ მოიშუშა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი მოკვდინების ტრავმა.
გაღრმავდება კითხვები საერთაშორისო თანამეგობრობაშიც: არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, რომლებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობის პრინციპებს და ძალუძთ დემოკრატიულად ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა და პოლიტიკური დევნის გარეშე თანაარსებობა.
და ბოლოს, დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი - უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიიის წინააღმდეგ. როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენს მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის „პირად მტერს“, ციხეში წამებით მოკლავს?
შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კომისიების დასკვნით, პრეზიდენტ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება არის მისი წამებით მოკვდინების აქტი, რაც არის უკანონობა, დანაშაული და საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა, რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას.
ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, შურისძიების მორევმა არ უნდა ჩაგვითრიოს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწარფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე. მოგიწოდებთ ამ მიზნით გაერთიანებას!“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელზეც ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
2022 წლის მაისიდან მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნით, დაპატიმრების წინ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების შეფასებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 7 დეკემბერს, ახალი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმაც. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე.
ადვოკატებმა სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი მოხდის გადავადების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 1-ელ დეკემბერს მიმართეს. საქმეზე მორიგი სხდომა 29 დეკემბერს გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ევროპარლამენტიც ითხოვს. 14 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. ევროპარლამენტარებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, სააკაშვილი შეიწყალოს.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.