ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტში შესული შესწორებები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოწოდებებს შეიცავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
ანგარიშის მიხედვით, ევროპარლამენტი შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და ორგანიზაციები, საქართველოს, სავარაუდოდ, დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, შეისწავლოს ეს ბრალდებები, კერძოდ, სხვადასხვა ანგარიში, მათ შორის ის, რომლის ავტორი უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოა და რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის კავშირებს ეხება:
„თუ ბრალდებები დადასტურდება, ევროპარლამენტი ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას მისი და უახლოესი თანამოაზრეების წინააღმდეგ. უკრაინამ ივანიშვილის ოჯახის წევრებს და ახლო თანამოაზრეებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან, სანქციები დაუწესა კრემლთან კავშირების გამო“.
ევროპარლამენტი მიესალმება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც მოიცავს „ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლას ხელს უწყობენ“.
ანგარიშში შესულ კიდევ ერთ შესწორებაში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, რომელიც უნდა შესრულდეს მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს:
„ევროპარლამენტი რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით, ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას სისტემურად, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ევროპარლამენტი იმეორებს საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ მოწოდებას, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, ივანიშვილის და ყველა იმ პირის მიმართ პირადი სანქციების დაწესება, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“.
ევროპარლამენტარები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიურ დასკვნასთან დაკავშირებით „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავენ. ანგარიშის თანახმად, დასკვნამ გამოავლინა, რომ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილების ნიმუშების ტესტირებამ მძიმე მეტალების და სხვა აგენტების, მათ შორის, ვერცხლისწყლის და დარიშხნის არსებობა გამოავლინა. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები დასკვნაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოვლენილი მრავალი პათოლოგიური სიმპტომი შედეგია მძიმე მეტალებით მოწამვლის, რამაც ხელი შეუწყო მისი ჯანმრთელობის სწრაფ გაუარესებას.
ევროპარლამენტი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს - „თუ რამე მოხდება, მთავრობამ პასუხი უნდა აგოს“.
ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, ამ პრობლემის გადასაჭრელად საკუთარი „კონტიტუციური პრივილეგიები“ გამოიყენოს. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაში. ევროპარლამენტი იმეორებს საქართველოს ხელისუფლებისადმი მიწოდებასაც, გაათავისუფლოს სააკაშვილი და მიეცეს საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, ჰუმანიტარული ნიშნით და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად.
ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეც მოხვდა. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს „პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები“, რომელთა შორის ნიკა გვარამიას და სხვა კრიტიკული მედიასაშუალებების („ფორმულა“ და „პირველი“) დირექტორებისა და დამფუძნებლების წინააღმდეგ საქმეებს ასახელებს. ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმით, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი ძალაში დატოვა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თაობაზე მიმართავს.
ანგარიშს 14 დეკემბრის პლენარულ სესიაზე უყარეს კენჭი. დამსწრე 608 ევროპარლამენტარიდან მას მხარი 430-მა დაუჭირა, 126-მა თავი შეიკავა, 52 კი წინააღმდეგი იყო.