სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თბილისში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ფეისბუკპოსტიდან ერთ საათში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 4 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა“, - იხსენებს ზუკა ბერძენიშვილი.
„შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“, - წერს ბერძენიშვილის მეგობარი სალომე ბარკერი.
დღეს, დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა და „ევროპის სახელით მიმდინარე ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია“ უწოდა ქმედებებს, როცა მოქალაქეები მმართველი პარტიის დეპუტატებს რუსული კანონის მიღების გამო მოღალატეებს უწოდებენ. პაპუაშვილი ფეისბუკპოსტში ახსენებს ზუკა ბერძენიშვილსაც.
„მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:
- დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს „კეფაში ტყვიით“ (ლევან დათუნაშვილი, „ჯემნიუსი“);
- ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, „სირცხვილია“)
- საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, „გრასი“ / „ფაქტჩეკი“)
ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს. დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მას სოფელში ჩაუსაფრდნენ, თუმცა მაშინ თავდასხმას გადაურჩა.
ორგანიზებულმა ძალადობამ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე მასობრივი ხასიათი მიიღო.
7 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ თავს დაესხნენ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელს, აქტივისტ ნიკო მანაგაძეს. ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც ყოველ შაბათს, უნივერსიტეტთან ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და რუსულ კანონს აპროტესტებენ.
2 ივნისს, თბილისში, სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დახვდნენ და თავს დაესხნენ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, ცოტნე კობერიძეს. „ელექტროშოკებით იყვნენ, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს“, - თქვა კობერიძემ.
მანამდე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ არაერთ პირს.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სახლებთან და ოფისებთან შეურაცხმყოფელ და ძალადობის წამახალისებელ პლაკატებს აკრავენ და წარწერებს ტოვებენ, აზიანებენ მათ ავტომობილებს. „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის დეპუტატმა და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა დიმიტრი სამხარაძემ აღიარა, რომ ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ, სიძულვილისა და ძალადობის წამახალისებელი კამპანია მის მიერ არის ორგანიზებული.
საგამოძოები ორგანოებს თავდასხმის ან სხვაგვარი ძალადობის არცერთი შემთხვევა არ აქვთ გამოძიებული და არავინ არის დასჯილი.