შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ათი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციების ფარგლებში, პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 4 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 5 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 6 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
„28 ნოემბრიდან დღემდე გამართული აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი. ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. დანარჩენი პირების მიმართ აქტიურად გრძელდება სასამართლო განხილვები“, - განაცხადა დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „მოძალადე ჯგუფების თავდასხმების შედეგად“ 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, რომელთა დიდ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
„პოლიციის თანამშრომლების უმეტესობას აქვს სხვადასხვა სახის დამწვრობა, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. მარტივი ანალიზიც კი ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული ძალადობის წამახალისებელი და განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო დაუსჯელობის განცდა, რაც ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს სწორედ სახის დაფარვისა და იდენტიფიცირების შეუძლებლობა უჩენდათ. აღნიშნული ცალსახად შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ წინასწარ მომზადებას და სწავლებას, რომელიც აქციის მონაწილეებმა გაიარეს“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმებება არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული კანონის მიღებას, რომლითაც მიტინგის მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალებათ. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, ასეთი კანონი „მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეკრება-მანიფესტაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა“.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ბოლო 11 დღის განმავლობაში მოქალაქეები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ. აქცია არაერთხელ დაშალეს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. სპეცრაზმელებმა და ნიღბიანმა პირებმა ასობით მომიტინგეზე იძალადეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. სახალხო დამცველის შეფასებით, მიყენებული დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი და ხარისხი „სარწმუნო წარმოდგენას ქმნის“, რომ პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს დასჯის მიზნით იყენებდა, რაც წამებაა.