დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ევრაზიის ეკონომიკური იდენტობის განსაზღვრა“, რომელშიც აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და ვაჰაგნ ხაჩატურიანიც მონაწილეობდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ
- 5 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 6 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
შეკითხვაზე, როგორ ხედავს ევრაზიის ადგილს რთულ, არასტაბილურ და საკმაოდ მყიფე გეოპოლიტიკურ სურათში, ალიევმა განაცხადა:
„გეოგრაფიულად, ევრაზია ძალიან ვრცელი ტერიტორიაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ჩვენს რეგიონსა და ჩვენს უშუალო მეზობლებზე. ძალიან მიხარია, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში, მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა, ცნობილი მიზეზების გამო. მაგრამ ახლა, მშვიდობის დე ფაქტო დამყარების შემდეგ, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები. აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების გადაზიდვაზე და ახლა ჩვენ მივიღეთ სომხური მხარის მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ.
ამგვარად, ჩვენ დე ფაქტო და ცალმხრივად გავხსენით დერეფნები. მართალია, ტრანსპორტირება საქართველოზე გადის, მაგრამ ერთ დღეს ეს მარშრუტი სომხეთზე გაივლის. დადგება დღე, როდესაც სომხური ტვირთები პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის და ეს დღე შორს არ არის.
ჩვენ ძალიან მჭიდრო ალიანსი დავამყარეთ თურქეთთან, ჩვენს მოძმე ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ინვესტიციები თურქეთში, რომელთა ჯამური ღირებულება 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი საქართველოში“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტზეც“ (TRIPP), რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები კურირებს.
„საქართველოს გავლით არსებული დერეფნების გარდა, ჩვენ შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზიიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, სომხეთის, აზერბაიჯანის ნაწილის - ნახჭევანის, თურქეთის გავლით შემდეგ ევროპისკენ იქნება გადაჭიმული. ამგვარად, რაც მეტი მარშრუტი იქნება, მით უკეთესი მომხმარებლებისთვის, მომწოდებლებისთვის და სატრანზიტო ქვეყნებისთვის.
ამიტომ, როგორც ქვეყანა, ჩვენ ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს რეგიონულ დღის წესრიგზე და თუ რეგიონში სასურველს ვერ მივაღწევთ, ვერ გვექნება მისწრაფებები გლობალური მოვლენებისკენ.
თუმცა, დღეს, განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის და თურქეთ-სომხეთის დაახლოების პროცესების შემდეგ, რომლებიც პარალელურად მიმდინარეობს და უდავოდ დაგვირგვინდება თურქეთსა და სომხეთს, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით, ჩვენ ერთდროულად ვცვლით უზარმაზარ გეოგრაფიულ რეგიონს - ევრაზიის ნაწილს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო კავშირის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი სტაბილურობისთვის და წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება გაჭიანურებული ომები და კონფლიქტები გარდაიქმნას პარტნიორობასა და თანამშრომლობად“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მან ისტორიული უწოდა გასულ წელს, ვაშინგტონში, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. როგორც ალიევმა აღნიშნა, დღეს მშვიდობის სარგებელი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დაწყებაში აისახება.
„აზერბაიჯანიდან სომხეთში ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტების, ნავთობპროდუქტების პირველი გადაზიდვა, რაც თავისთავად ფასებს ამცირებს. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, შესაძლოა ორი ან სამი წლის წინ, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ვფიქრობ, რომ ამ პროცესს ვერაფერი შეაფერხებს“, - აღნიშნა ალიევმა.
სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა დასძინა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქონლის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტვირთები პირდაპირ ორი ქვეყნის ტერიტორიებს გაივლის.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ან პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე არ მიუწვევიათ.
