„ამ მოქალაქეებს ყველა პოლიტიკური პარტია ფეხებზე ჰკიდიათ, გულწრფელად ვამბობ. ამათ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს უნდა იყოს გარანტირებული“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წუხელ, რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მედიასთან ხაბეიშვილმა თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდების რაოდენობა „ქართული ოცნებისთვის“ განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკან გასაწვევად.
„ეს კანონი არ უნდა მიიღონ, რადგან ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე არის სახიფათო და იმის დამაზუსტებელი, რომ ასე არ მიგვიღებენ. ეს არის პროტესტის შინაარსიც, ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს გარეშეც, პოლიტიკოსების გარეშეც, პარტიების გარეშეც ეს ადამიანები ბუნებრივად ამას გააპროტესტებენ. მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში ადამიანებს აქვთ უფლება, ჯაჭვი შემოარტყან პარლამენტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დუმად აქცია. ვინმე თუ ახალისებს ძალადობას და აწყობს პროვოკაციებს, ეს არის „რუსული ოცნება“. ბრძოლა გაგრძელდება ხვალაც და იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მოიპოვებს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, - ამბობდა ხაბეიშვილი.
დღეს, 9 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელსაც პირველი მოსმენით ორი დღის წინ დაუჭირა მხარი, უკან გაიწვევს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტს პარლამენტის უახლოეს სხდომაზე ჩააგდებენ და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას „უკან ვერავინ წაიღებს“.
7-8 მარტს რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის მეშვეობით დაარბია. ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები მასობრივად გამოიყენა. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
8 მარტის ღამეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა უმოწყალოდ დარბევისა და დაშლის შემდეგ, დემონსტრანტები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ და მათ მანქანებს ქვები დაუშინეს. პარლამენტის მიმდებარედ ქუჩებში დააზიანეს და დაწვეს პოლიციის ავტომანქანები, ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის შუშები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციების 134 მონაწილე დააკავა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ითხოვენ პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს; დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ქუჩებში საქართველოს და ხალხის ღირსების შემლახავ რუსულ კანონს აპროტესტებდა.