შინაგან საქმეთა სამინისტროს 134 დემონსტრანტი ჰყავს დაკავებული

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © REUTERS/ირაკლი გედენიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს 7-8 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციების 134 მონაწილე ჰყავს დაკავებული. ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით. 133 პირს კი სამინისტრო ადმინისტრაციული წესით ედავება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დაკავებულებს შორის არიან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი გიორგი მუმლაძე, უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი მათე სანიკიძე.

ადვოკატების განცხადებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ნაცემია და მას თავის არეში დაზიანებები აქვს. სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ სხვა დაკავებულებსაც. მათი თქმით, ისინი დაკავების დროს სპეცრაზმელებმა და პოლიციელებმა სცემეს.

რამდენიმე დაკავებულის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ახლა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ ზოგიერთი მათგანი უკვე ცნო სამართალდამრღვევად და 2000 ლარით დააჯარიმა. წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, სახდელის სახით, 15 დღემდე პატიმრობასაც ითვალისწინებს.

რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის მეშვეობით დაარბია. ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები დიდი ოდენობით და მასობრივად გამოიყენა. მედიის მიერ გავრცელებული მასალებიდან ჩანს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, დაკავების შემდეგ მიწაზე დაგდებულ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შევიდა.

გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

„აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდნენ მოქალაქეებიც.

საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება. აქციის მიმდინარეობისას, საპოლიციო ძალები განთავსებული იყო პარლამენტის შენობაში, რათა არ მომხდარიყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. შეკრებილები აგრესიულად იქცეოდნენ და დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებსა, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, რასაც შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგი. პროტესტის გამოხატვის ფორმებმა თანდათან უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

საპოლიციო ძალებმა წესრიგის დაცვის მიზნით, იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

პოლიციამ არაერთხელ სცადა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით  ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა. აქციის მონაწილეებმა  დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები. რუსთაველის გამზირზე  შეკრებილებმა დააზიანეს თბილისის მერიის სამსახურების საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება, მათ შორის, ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს, დაამტვრიეს სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები“, - სამინისტროს განცხადებით, იმ პირთა დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ითხოვენ პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად  ჩააგდებს; დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ქუჩებში საქართველოს და ხალხის ღირსების შემლახავ რუსულ კანონს აპროტესტებდა.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის 78-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღეს  გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი. მმართველი პარტიის განცხადებით, სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა.

პარლამენტის აპარატის მიერ დღეს, დილით გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე კვირაში პარლამენტში პლენარული სხდომები არ გაიმართება, რადგან 7-8 მარტს აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.