„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უპირობოდ გაიწვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით ორი დღის წინ მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომლებიც ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და სხვა საშუალებების გამოყენებით დაარბია, ასზე მეტი დემონსტრანტი კი დააკავა.
„ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს. გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მმართველი პარტია მადლობას უხდის „გმირ სამართალდამცავებს“, რომლებმაც „ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს“.
„ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.
ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.
ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია. საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - აცხადებს „ქართული ოცნება“.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კანონპროექტის გაწვევის შესახებ მმართველი პარტიის განცხადებას მიესალმა და საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოუწოდა, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები, 12 პრიორიტეტის შესაბამისად, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით 13-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს და მათ შესაზღუდად ან დასახურად მრავალ ბერკეტს ითვალისწინებს.
უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები მწვავედ გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი კანონმდებლობის მიღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ. „პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან“, - აცხადებდა აშშ-ის საელჩო.
რუსული კანონის წინააღმდეგ, 7 და 8 მარტს, პარლამენტის შენობის წინ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. სპეციალური საშუალებების გამოყენება წინასწარი გაფრთხილების გარეშე ხდებოდა. მოქალაქეების თქმით, მათ რეზინის ტყვიებიც მოხვდათ. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც. პოლიციამ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით ასზე მეტი ადამიანი დააკავა.