„აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს Human Rights Watch და Amnesty International აკრიტიკებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © REUTERS/ირაკლი გედენიძე

ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები Human Rights Watch და Amnesty International აცხადებენ, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კანონპროექტები მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურში მყოფი დამოუკიდებელი, უცხოური დაფინანსების მქონე ჯგუფებისა და მედიის მარგინალიზებასა და დისკრედიტაციას. კანონპროექტების მიზანია კრიტიკული ჯგუფებისა და მნიშვნელოვანი მედიის შეზღუდვა, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა. მას ექნება სერიოზული მსუსხავი ეფექტი იმ ჯგუფებისა და პირების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის მუშაობენ“, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.

ორგანიზაციების მიერ, დღეს, 7 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს კანონპროექტები, რომელიც ინდივიდუალური პირებისგან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისგან მოითხოვს, იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“, თუ თავიანთი შემოსავლების მინიმუმ 20%-ს უცხოეთიდან იღებენ. აღნიშნულია, რომ დარღვევებისთვის კანონპროექტები ასევე ითვალისწინებს დამატებით, მძიმე ანგარიშგების მოთხოვნებს, შემოწმებებს, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, მათ შორის, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

„კანონპროექტები შეუთავსებელია ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან, რომლებიც გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებას იცავს.

კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (ICCPR) აღებულ ვალდებულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოხატვისა და გაერთიანების უფლებათა გარკვეული შეზღუდვა დასაშვებია, ის [შეზღუდვა] კანონში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი და ხელმისაწვდომი, უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. აღნიშნული კანონპროექტები ამ ტესტს ვერ აკმაყოფილებენ და მეტისმეტად ზღუდავენ ამ უფლებებს. ეროვნული, საერთაშორისო და უცხოური წყაროებიდან რესურსების მოძიება, მიღება და გამოყენება შეკრების თავისუფლების უფლების განუყოფელი ნაწილია. ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალი საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმის მიერ, მათ შორის, „ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2007 წლის რეკომენდაციით.

2022 წელს ადამიანის უფლებთა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსეთის კანონი, რომელიც ქართულ კანონპროექტებს ჰგავს, არღვევს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ გაერთიანების უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ საერთაშორისო ან უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ იყო გამართლებული და შეზღუდვები წარმოადგენდა ჩარევას მათ ლეგიტიმურ ფუნქციებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორმა მარი სტრუტერსმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტები ფეხქვეშ თელავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას ადამიანის უფლებები და ამიტომ პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.

„მთავრობამ უნდა განიხილოს გზები სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს კანონები, რომლებიც შეაფერხებენ იმ დამოუკიდებელი ხმების საქმიანობას, რომლებიც მას არ მოსწონს“, - განაცხადა სტრუტერსმა.

საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების წარმომადგენლების და მოქალაქეების პროტესტის ფონზე განიხილავს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებს, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დააინიცირეს.

 

ამ თემაზე:

„ორივე კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია“ - საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.