თბილისში, პარლამენტის მიერ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა. ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე პრაისმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო ხმის ჩახშობას ცრემლსადენი გაზით ცდილობდნენ. მისი თქმით, აშშ-ს აქვს რიგი ხელსაწყოები, რაც მას საშუალებას აძლევს, პასუხისმგებლობა დააკისროს ნებისმიერ პირს, ვინც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს ზღუდავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ. თქვენ გესმოდათ, რომ ბოლო დღეებში ამ განწყობას მუდმივად გამოვხატავდით. ეს არის ღრმა შეშფოთება კანონპროექტის შესაძლო შედეგების გამო. იგი დარტყმას მიაყენებს ზოგიერთ უფლებას, რომელსაც ცენტრალური ადგილი უკავია დემოკრატიისკენ, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ საქართველოს ხალხის სწრაფვაში. ის მოახდენს სტიგმატიზებას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მხოლოდ ის სურთ, რომ ერთად იმუშაონ უფრო ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპაში, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა.
ჩვენ ძალიან შეშფოთებულები და შეწუხებულები ვართ, რა თქმა უნდა, იმის გამო, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შეერთებული შტატები სწორედ იქ იყო და მხარს უჭერდა ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ დღეებში ეს მისწრაფებები ზოგ შემთხვევაში იდეის მეტი არაფერი იყო. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებების რეალიზებისთვის. მათ მიაღწიეს უზარმაზარ პროგრესს იმ დემოკრატიის ჩამოყალიბებაში, რომელსაც ეძებდნენ იმ ადრეული დღეებიდან, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს ინტეგრაციასა და იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველო ამ გზაზე დარჩეს.
თუმცა, ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც უზარმაზარი უკუსვლა იქნება. ეს იქნება უკანდახევა საქართველოს ხალხის მისწრაფებებისთვის. ეს იქნება უკუსვლა შეერთებული შტატების შესაძლებლობისთვის, კვლავაც იყოს პარტნიორი საქართველოს ხალხისთვის. ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, ნაწილობრივ პასუხისმგებელია ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნაში. არ გვინდა, რომ ეს ვნახოთ.
შეერთებული შტატების გარდა, ევროკავშირმა, გაერომ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა - ყველა მათგანმა გაავრცელა მტკიცე განცხადებები ამ კანონპროექტის მიმართ შეშფოთების შესახებ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის თქმით, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც, საფრთხის ქვეშ დააყენოს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები.
„საბოლოო ჯამში, ეს იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მოუსმენს ქართველ ხალხს.
ქართველი ხალხი კი ახლა ძალიან ნათლად საუბრობს. ჩვენ გვესმის ძალიან მკაფიო ხმები, რომელთაც ახშობენ ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით, რომლებსაც იყენებენ იმათ შესაზღუდად, ვინც მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობს.
ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებმა მთელს მსოფლიოში, მათ შორის, რა თქმა უნდა, თბილისში, მოუსმინონ თავის ხალხს“.
ჟურნალისტმა ნედ პრაისს ჰკითხა, არის თუ არა რაიმე, რაც შეერთებულ შტატებს ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისგან, რომლის პარტია ასეთ კანონმდებლობას ქმნის და პრორუსული გზის ადვოკატირებას ცდილობს.
„როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე ან ორგანიზაციებზე, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ აშშ-ის ან სხვა სანქციებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ხელსაწყოები ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რაც საშუალებას გვაძლევს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ პირს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლების შეზღუდვაზე. არის უფლებამოსილებები, რომლებიც გაწერილია სხვადასხვა კანონში, ბრძანებაში, რომლებსაც ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ამ კონტექსტში, ისევე როგორც ამას ვაკეთებთ ნებისმიერ სხვა კონტექსტში, რათა პასუხისგებაში მივცეთ ისინი, ვინც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს იმას, რაც სურს ქართველ ხალხს და რაც ყველაზე მთავარია, რასაც ქართველი ხალხი ელის და იმსახურებს მათი საყოველთაო უფლებების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრაისმა.
7 მარტს, საზოგადოების ჯგუფების, ოპოზიციური პარტიების, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო პარტნიორებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მოწოდებების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგია, ითვალისწინებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეზღუდვას. ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, 66 პირი დააკავა.