„კანონი ჩავარდება - ეს ძალიან მკაფიოდ. კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. სხვაგვარი დათქმა არ არის. სპეკულაციები მორჩეს. თუ ვინმეს უნდა ამ ფორმალიზმთან დაკავშირებით მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თოთოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე, პირდაპირ რომ დავარქვათ თავისი სახელი, დღეს თუ კიდევ ამით აპირებენ რაღაც მუხტის გაზრდას“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის გაწვევაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
დღეს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ.
„შესაბამისად, ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტების განხილვას და დასკვნის გამოგზავნას.
ერთი კანონპროექტი, რომელზეც ეს პროცედურულად შესაძლებელი იყო, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გამოწვეული.
რაც შეეხება მეორე კანონოპროექტს, მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტის გამოწვევის გზებს, რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ, გიდასტურებთ. ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს საკითხს“, - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდეს, რადგან მათ არაერთხელ დაურღვევიათ ხალხისთვის მიცემული პირობა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა:
„არა, ეს გავმიჯნოთ. კანონი ჩავარდება - ეს ძალიან მკაფიოდ.
ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც, ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხის პროტესტზე თუ არის რაღაც საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების. ამ ლოგიკით შეგვიძლია სხვა ნებისმიერი გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ხომ?
რატომღაც ჩვენმა ოპონენტებმა თქვეს, რომ არ ხდება გამოწვევა და მართალია, არ ხდება გამოწვევა, მაგრამ არ თქვეს, რომ ასევე არ ხდება დაჩქარება. არის პოლიტიკური განაცხადი, რომ პირველივე სხდომაზე, სხვა თეორიული შესაძლებლობაც არ არის რეგლამენტში, ჩავარდება. გარანტიაა ჩავარდნის და წინააღმდეგ დააფიქსირებ და თითს მიაჭერ თუ არა... ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობიდან მწვანეს არავინ მიაჭერს“, - განაცხადა მდინარაძემ და ხაზი გაუსვა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კანონის უკან გაწვევის საფუძველს:
„მთავარი ამოსავალი წერტილი, რაც ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო, რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუდაც ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი იქ მყოფი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. როგორც ჩანდა, ამის რისკები შეიძლება გაზრდილიყო მრავალ ფაქტორთან დაკავშირებით და მრავალი საფუძვლით. აქედან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანად დავისახეთ, რომ გვერდზე გადავდეთ ყველაფერი. ეს იყო მთავარი წითელი ხაზი, მთავარი წყალგამყოფი, რის გამოც ჩვენ არ გავრისკეთ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“.
7-8 მარტს რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის მეშვეობით დაარბია. ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები მასობრივად გამოიყენა. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
8 მარტის ღამეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა უმოწყალოდ დარბევისა და დაშლის შემდეგ, დემონსტრანტები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ და მათ მანქანებს ქვები დაუშინეს. პარლამენტის მიმდებარედ ქუჩებში დააზიანეს და დაწვეს პოლიციის ავტომანქანები, ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის შუშები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპროტესტო აქციების 134 მონაწილე ჰყავს დაკავებული.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ითხოვენ პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს; დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ქუჩებში საქართველოს და ხალხის ღირსების შემლახავ რუსულ კანონს აპროტესტებდა.