აფექტი, მეუბნებოდა, რომ დამიჭერდნენ - ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს, რომელსაც ბრალად ედება 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„6 ოქტომბერს ხომ გავედი სასამართლოდან, სასამართლოშივე მოვიდა და იქვე მთხოვდა შერიგებას. ვუთხარი, აქამდე რომ მივიდა საქმე, არ მინდოდა მასთან ურთიერთობა. მერე მწერდა, რომ თავს მოიკლავდა, თუ მასთან არ ვიქნებოდი, ასე იმუქრებოდა. მე ვეუბნებოდი, თავი რატომ უნდა მოიკლა, მიხედე მეთქი შენს თავს იმიტომ, რომ მე მასეთ ადამიანთან ურთერთობა არ მინდოდა, რომელიც საჯაროდ გამოიტანდა ჩვენს იმას და სასამართლოში გადმომცემდა არაფრის გამო.

მიუხედავად ამისა, მეორე დღეს, სადაც ვიმყოფებოდი, საქონელთან, იქ მოვიდა ტაქსით. მეუბნებოდა, რომ უნდა შევრიგებულიყავით. მე ვუთხარი, რომ არ მინდოდა მასთან შერიგება. მხოლოდ იმაზე შევთანხმდით, რომ ჩემს ნივთებს წავიღებდი მისგან, რის წაღებასაც თვითონ ითხოვდა. რადგან არ იშლიდა და იქ მომაკითხა, ვუთხარი რომ ავიდოდი ნივთების წამოსაღებად. სახლში რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ, ჩვენი დაშორების ცოტა დავლიოთო. მეთქი, კარგი, დავლიოთ. რომ დავლიეთ, საიდანღაც, უცბად იქ მისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი ორდერი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა, იქ მიმიტყუა იმიტომ, რომ ჩემი დაჭერა უნდოდა. ვერ გადავათქმევინე, რომ მომეშორებინა თავიდან. ბავშვები რომ გაიყვანა დაქალმა, მე უნდა წავიყვანოო მაღაზიაში, ეს ბავშვი ასულიყო თავის ბებიასთან, რომელიც წინა კორპუსში ცხოვრობს და უთქვამს, ჩხუბობენო და დააკავეთო. ეს დაქალიც გაქრა, ბავშვები იქ საერთოდ არ ყოფილან. წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ხელზე მექაჩებოდა, რომ „ვერსად ვერ წახვალ“, „დაგიჭერენ და ეგრე გიზამენ“.

იმდენად ნასვამიც ვიყავი, ზოგადად, არ ვსვამ, მაგრამ ნასვამიც რომ ვიყავი, ვეუბნებოდი, თავი დამანებე და შემეშვი მეთქი. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი აღარ ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი, იმასაც ვნანობ.

ჩემი ცოლი არ იყო, უბრალოდ გავიცანი და ერთად ვცხოვრობდით. ცოლი მე მისთვის არ მიწოდებია არასოდეს. ვტყუივარ, შეიძლებოდა რამენაირად თავის არიდება, მაგრამ ეს აფექტის მდგომარეობა, ასეთი დამოკიდებულება და ისეთი გამომწვევად მელაპარაკებოდა, რომ დამიჭერდნენ, ძალიან გავბრაზდი და იმიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი. რისთვის, რატომ არ ვემეტებოდი ვიღაც სხვისთვის. თუ დამიჭერდნენ რისთვის უნდა ვმჯარიყავი ციხეში ან ახლა რისთვის უნდა ვიჯდე.

საერთოდ ვნანობ, რომ გავიცანი ეგ ადამიანი“, - თქვა თორნიკე გამხვეტელაშვილმა სასამართლო პროცესზე.

ადვოკატმა ბრალდებულისთვის საპატიმრო გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მარიამ გამტკიცულაშვილი 9 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობამდე ხუთი დღით ადრე, თორნიკე გამხვეტელაშვილი მას ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციამ ის ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა, თუმცა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 2000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, დანით, ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მარიამ გამტკიცულაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

თორნიკე გამხვეტელაშვილს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმეზე წინასასამართლოს სხდომა 22 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.