22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილი, რომელმაც გუშინ, თელავში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე მარიამ გამტკიცულაშვილი მოკლა, პოლიციას ოჯახში ძალადობის ბრალდებით მკვლელობამდე 2 დღით ადრეც ჰყავდა დაკავებული. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდებულს 2000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მოსამართლე მამუკა წიკლაური არ აკეთებს კომენტარს, რატომ მიიღო ოჯახში ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული პირის გათავისუფლების გადაწყვეტილება. თელავის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ამბებს“ უარი უთხრეს განჩინების გაცნობაზეც, საიდანაც გავიგებდით, რა გარემოებებს დაეყრდნო მოსამართლე ამ გადაწყვეტილების მიღებისას. მოსამართლის თანაშემწემ ლანა კვირკველიამ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ სასამართლოს წერილობით მიმართა დაზარალებულმა პირმა და სთხოვა, ბრალდებულის მიმართ საპატიმრო ღონისძიება არ გამოეყენებინათ.
„საქართველოს ამბების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თორნიკე გამხვეტელაშვილი არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 5 ოქტომბერს დააკავა. გამოკითხვის ოქმში მარიამ გამტკიცულაშვილი ჰყვება, რომ მეუღლემ ის გამთენიისას ცემა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია 112-ზე განხორციელებული ზარის შემდეგ მივიდა.
თორნიკე გამხვეტელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინეს: 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება; 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი - იგივე ქმედება, ჩადენილი: არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული სასჯელის სახით მაქსიმუმ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო, რომ მოსამართლეს ბრალდებულისთვის 2000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდებინა. სასამართლოს ჩვენ წარვუდგინეთ დაზარალებულის წერილი, სადაც ის თავის პოზიციას აფიქსირებდა, რომ ამ ეტაპზე შერიგებულები არიან და სთხოვს სასამართლოს, მისი მეუღლე არ დააპატიმრონ. მოსამართლემ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და თორნიკე გამხვეტელაშვილს გირაო შეუფარდა. პროცესი რომ დამთავრდა და გამოვედით, მეუღლე გარეთ ელოდებოდა. გაუხარდა, მადლობაც კი მომიხადა“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ადვოკატმა ნაზი სუმბაძემ, რომელიც თორნიკე გამხვეტელაშვილის ინტერესებს იცავდა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას.
- ქალბატონო ნაზი, პროკურატურა რას ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით?
- პატიმრობას.
- როცა თქვენ გირაოს გამოყენება მოითხოვეთ, მანამდე სასამართლოს დაზარალებული ქალის პოზიცია და თხოვნა წერილობით რომ გააცანით, ხომ არ შეცვალა პროკურატურამ თავისი მოთხოვნა და ხომ არ დაგეთანხმათ?
- არა, არ შეუცვლიათ, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.
- პროკურატურამ გაასაჩივრა თორნიკე გამხვეტელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შესახებ განჩინება?
- არ მაქვს ინფორმაცია. ვიდრე მკვლელობის ამბავს გავიგებდი, არც თორნიკეს და არც სხვას ჩემთვის ამაზე არაფერი უცნობებია. გირაო ერთი თვის ვადაში უნდა გადაგვეხადა, უძრავი ქონებით უზრუნველყოფას აპირებდა. ჯერ გირაოც არ გადაუხდია.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლე მამუკა წიკლაურის მიერ 6 ოქტომბერს მიღებული განჩინება, უწყებამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა გირაოთი გათავისუფლებულმა პირმა მეუღლე სააპელაციო საჩივრის განხილვამდე მოკლა.
9 ოქტომბერს, დაახლოებით 17 საათზე, სამი არასრულწლოვანი შვილის დედა მარიამ გამტკიცულაშვილი, ბავშვის თანდასწრებით მოკლეს.
„6 წლის ბავშვი გამოიქცა ჩემთან, ჩქარა ბებო, დედა ტუალეტში შეიყვანა და ახრჩობს, დანა მე დავუმალეო. წლინახევრის ბავშვი სახლში დარჩა, მისი თანდასწრებით მოკლა.
დაჭერილი იყო რამდენიმე დღის წინ, მაშინ მეც გამარტყა, მაგრამ იმდენი გააკეთეს მისმა ახლობლებმა, გამოაშვებინეს“, - ამბობს მოკლულის დედა ლეილა ფირანიშვილი.
მოკლული ქალი ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად, მშობლებთან ახლოს, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა თორნიკე გამხვეტელაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მარიამ გამტკიცულაშვილს დანით, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო, თორნიკე გამხვეტელაშვილი კი მალევე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ თემაზე - აფექტი, მეუბნებოდა, რომ დამიჭერდნენ - ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 2021 წლის 29 ნოემბერს პატიმრობიდან გაათავისუფლა 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად, ამავე საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი. მოსამართლემ ორივე მათგანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მამუკა წიკლაურის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პროკურატურა სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:
„პროკურატურისთვის გაუგებარია, რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000 ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას.“
მამუკა წიკლაური მოსამართლედ 2007 წლიდან მუშაობს. იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2007-2009 წლებში მივლინების საფუძველზე თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში. 2009-2017 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2017 წლის მაისიდან არის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ამ თემაზე:
მოსამართლემ სათანადოდ ვერ შეაფასა საფრთხეები - პროკურატურა თელავში ქალის მკვლელობაზე