სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას“, - აცხადებს სახალხო დამცველი.
29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. მდინარაძე ამბობს, რომ „ლგბტ პროპაგანდა დამღუპველია მომავალი თაობებისთვის“.
მთავრობა მზადაა კანონპროექტის მომზადებაში ჩაერთოს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, შემუშავებული დოკუმენტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდეს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა ასეთ პრობლემებს შორის ქალთა მკვლელობები, ახალგაზრდების ნარკოდამოკიდებულება და პედოფილია დაასახელა. „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“, სინამდვილეში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებს.
„ლგბტ პროპაგანდის“ სრულად ამკრძალავი კანონი რუსეთში დაახლოებით ორი წელია მოქმედებს. მანამდე, 2013 წლიდან, „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა“ მხოლოდ არასრულწლოვანთა შორის იკრძალებოდა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წლის 5 დეკემბერს ხელმოწერილი კანონის მიხედვით, „ლგბტ პროპაგანდისთვის“ ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 400 000 რუბლს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 5 მილიონს. კანონი ეხება სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, ონლაინ და ოფლაინ კინოთეატრებს, თეატრს, მედიასაშუალებებს, სარეკლამო ბიზნესს და სოციალური ქსელებს. „როსკომნადზორს“ აქვს უფლება, სასამართლოს განჩინების გარეშე დაბლოკოს ინტერნეტ რესურსები, რომლებიც „არატრადიციულ ურთიერთობების“, პედოფილიის და სქესის შეცვლის „პროპაგანდას“ შეიცავენ.
