აშშ-ის საელჩოსგან ველოდები განმარტებას, მოეხსნა თუ არა სანქცია მოსამართლე ჩხიკვაძეს - პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. პაპუაშვილი გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პაპუაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია სისხლის სამართლის დამნაშავეა.

„იმის გამო, რომ ვიღაცას საელჩოში არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება და ვიღაცას სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს მოსამართლე დაასანქცირეს, ჩახსნეს გარკვეული პროგრამებიდან, გახადეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმის ობიექტი ის, მისი ოჯახი, ვინმემ მოიკითხა, როგორი იყო მისი ემოციური მდგომარეობა იმ დღეებში? ვინმეს საერთოდ ადამიანები აინტერესებს, როდესაც ასე ინსტრუმენტალიზირება ხდება? ველოდები ამერიკის საელჩოსგან გააკეთონ განმარტება, მოეხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს? თუ ეს სანქციები კვლავ ასე უსამართლოდ უნდა გაგრძელდეს მის მიმართ? და მეორე, რას ეფუძნებოდა მაშინდელი რეაქცია აშშ-ის ყოფილი ელჩისა, როდესაც თავს დაესხა ქართულ მართლმსაჯულებას და რაღაც პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლობაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი „ცდებოდა ან ტყუოდა“, როდესაც ამბობდა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

„გუშინ, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის მოქმედი ელჩისგან მოგვესმინა მწუხარება, რომ თავის დროზე ყოფილი ელჩის განცხადებამ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, იყო უსამართლო კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, არ იყო დაყრდნობილი ფაქტებზე და იყო მადისკრედიტირებელი ქართული მართლმსაჯულების მიმართ, ვისმენთ, რომ თურმე საჭიროა ქართვლი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. სარჩელი შეეხებოდა ქართული სასამართლოების გამამტყუნებელ განაჩენს „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც, რომელმაც 2022 წლის 16 მაისს, გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ჩხიკვაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე ბოდიშს მოუხდის:

„სტრასბურგის სასამართლოს ბოლო წლების გადაწყვეტილებები ადასტურებს იმას, რომ ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებები შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, კანონიერია და სრულად თავსებადი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებთან. ჩემთვის ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევების გარეშე. სასამართლო მიდმივად არის ბულინგის, გაშავების, მოსამართლეთა დემონიზაციის თუ რაღაც უსაფუძვლო კორუფციული ბრალდებების ობიექტი. მე თხოვნა მაქვს ყველასთან, რომ მივეჩვიოთ და ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემა“.

მოსამართლე ჩხიკვაძის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც ძალაში დატოვეს. 2023 წლის ივნისში, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).