ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. სარჩელი შეეხებოდა ქართული სასამართლოების გამამტყუნებელ განაჩენს „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა.
მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“, - განაცხადა გვარამიამ.
2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (2 ეპიზოდი) და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. იმავე წლის 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლეების მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, პირველი ინსტანციის განაჩენი ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, ნიკა გვარამია დაპატიმრებული იყო „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენით, მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-თვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში, 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ მას ამ ეპიზოდზეც პატიმრობა მიუსაჯა.
სახალხო დამცველის შეფასებით, განაჩენი არა მხოლოდ სრულად დაუსაბუთებელი იყო, არამედ პირდაპირ არღვევდა „საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლით დაცულ კანონიერების პრინციპს“.
2023 წლის 19 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა და როგორც გვარამიას დაცვის, ისე პროკურატურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად ცნო. „შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი. რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ - ჩემს სიმართლეს, შემდეგ - სხვების დანაშაულს!“ - ასე გამოეხმაურა გვარამია გადაწყვეტილებას.
2023 წლის 22 ივნისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ საქართველოს სახალხო დამცველი, ევროპარლამენტარები, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებდნენ.