უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასამართლომ დაუშვებლად ცნო როგორც გვარამიას დაცვის, ისე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღეის მოცემულობით, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში ნიკა გვარამია ცნობილია დამნაშავედ ორ ეპიზოდში და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამ გადაწყვეტილებაში არაფერი გასაკვირი არ იყო, ყველამ იცის, რომ ნიკა გვარამიას საქმე არის პოლიტიკური, ნიკა გვარამია არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და სასამართლოსგან რაიმე განსაკუთრებულს ჩვენ არ ველოდით“, - უთხრა „მთავარ არხს“ გვარამიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, ქეთი ჩომახაშვილმა.

ნიკა გვარამიას საქმე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა (ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილის და ნინო სანდოძე) კოლეგიას უნდა განეხილა. როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, საბოლოო განაჩენის გამოცხადების ვადა 22 ივნისს იწურება.

2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლეების მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, ძალაში დატოვა გვარამიასთვის მისჯილი სასჯელი - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, ნიკა გვარამია დაპატიმრებული იყო „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენით, მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში, 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ მას ამ ეპიზოდზეც პატიმრობა მიუსაჯა.

„ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“ - ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ ევროპარლამენტარები, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები.

„ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. მაგრამ რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ, გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.